ავტორი:

"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?

"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?

2017 წელს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში 16 წლის მოზარდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მოკლე დროში დალია რამდენიმე ენერგეტიკული სასმელი.

2020 წელს, 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ჭიქა Monster Energy სასმელი დალია. ტრაგიკული ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი მატამოროსში, ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში, ბებიას სტუმრობდა.

2023 წლის აგვისტოში, 14 წლის ყირიმელმა სკოლის მოსწავლემ ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მალე კომაში ჩავარდა და გული გაუჩერდა. მიუხედავად ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისა, მოზარდი უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს და სისუსტეს. ექიმებმა ჩაატარეს დამატებითი გამოკვლევები და დაადგინეს ცვლილებები პანკრეასსა და ღვიძლში. გარდა ამისა, მოზარდში დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება.

სამ დღეში კი პაციენტს გული გაუჩერდა. ექიმების ყველა მცდელობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი ინფორმაციები თინიჯერებისა და ენერგეტიკული სასმელების ცუდი გავლენის შესახებ ბევრია ინტერნეტში. მშობლები შეშფოთებულები არიან, შვილების მდგომარეობით, რადგან თინეიჯერების ნაწილი, ყოველდღიურად დიდი დოზით მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელს. გამონაკლისი არც საქართველოა.

სექტემბერში პედიატრებმა და მშობლებმა შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდეს, რომ კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე ისეთივე რეგულაციები დაწესდეს, როგორიც ქვეყანაში ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვაზე მოქმედებს. მშობლებისა და პედიატრების სურვილია, აიკრძალოს დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების არასრულწლოვანებზე მიყიდვა. ზოგ შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელის ერთი დოზა იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც მაგალითად, ექვსი ბოთლი "კოკა-კოლა" ერთად.

თინეიჯერებისთვის დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება აკრძალულია კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. რიგმა ქვეყნებმა ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა საერთოდ აკრძალა, ზოგან კი ასაკობრივი ცენზი შემოიღეს.

რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ენერგეტიკული სასმელი

ის ბავშვები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელს მოიხმარენ, უჩივიან: სწრაფ ან არარეგულარულ გულისცემას, თავის ტკივილს, გულყრას, კანკალს. ექიმების თქმით, კოფეინს ასევე შესაძლოა, არასასურველი გავლენა ჰქონდეს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით, თინეიჯერებზე ენერგეტიკული სასმელი მიყიდვა აკრძალული არ არის. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, კანონით გათვალისწინებულია რეგულაცია, მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შესახებ.

Ambebi.ge-სთან ნანა ზ. ჰყვება, რომ მის 15 წლის დის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ენერგეტიკული სასმელების მოხმარება დაიწყო.

- ჩემი და ემიგრანტია, 4 წლის იყო ბავშვი, გასაზრდელად რომ დამიტოვა. აქამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა რაც ენერგეტიკული სასმელების დალევა დაიწყო, მუდმივად უჩიოდა მუცლის ტკივილს. ექიმთან მისვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ნაღვლის ბუშტზე შეექმნა პრობლემები. დიეტისა და ენერგეტიკული სასმელის აკრძალვის შემდეგ, თავს უკეთესად გრძნობს. დღეში ხან 3-4 ქილას სვამდა, ამბობდა, რომ გამოფხიზლებაში და სწავლაში ეხმარებოდა.

რას ამბობენ ქართველი ექიმები?

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში, მოზარდთა მიერ ენერგეტიკული სასმელების (ენერჯაიზერების) მოხმარება 43%-ით გაიზარდა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ეს ფაქტი და აუცილებლად უნდა აიკრძალოს მოზარდებზე მისი მიყიდვა, ისე, როგორც ეს თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაშია.

- ცოტა ხნის წინ მყავდა პაციენტი,14 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნებოდა ღებინების შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმია, ფაღარათი, თავის ტკივილი, უძილობა, სწრაფი გაღიზიანებადობა და აფექტური გამოვლინებები, პერიოდულად გონების დაბინდვა, კანის ქავილი. აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს დილა-საღამოს. როგორც კი ავუკრძალეთ მისი მიღება, 10 დღეში, ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.

ენდოკრინოლოგი, ნათია მორჩილაძე, ამბობს, რომ მოზარდებმა აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი ენერგეტიკული სასმელების მიღებისგან, რადგან ამან შეიძლება მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს, როგორც მისი მიღებისას, ასევე მომავალში.

- ენერგეტიკული სასმელების მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მოზარდებმა, რადგან ეს ძალიან საზიანოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

ენერგეტიკული სასმელების უმეტესობა შეიცავს 400-500 მგ. კოფეინს. ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი კოფეინის გარდა შეიცავს სხვადასხვა სტიმულატორს. ენერგეტიკული სასმელები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ენერგიის გაზრდაა.

კოფეინის დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, გამოიწვიოს მთელი რიგი გვერდითი მოვლენები და ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. ეს პრობლემა მოიცავს ძილის დარღვევას, შფოთვას, ხასიათის ცვლილებას, გულის რითმის აჩქარებას.

ენერგიის ნაკლებობის შემთხვევაში მოზარდებს ვურჩევ ბუნებრივი გზებით მის შევსებას. ეს შეიძლება იყოს: ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და საჭიროების შემთხვევაში, მულტივიტამინების მიღება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც სუპერმარკეტში 8-9 წლის ბავშვები ენერგეტიკულ სასმელს ყიდულობდნენ.

- სალაროსთან ვარ რიგში, 8-9 წლის ბიჭები დგანან ჩემს წინ. 2 ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული სასმელი და ჩიპსი მიაწოდეს მოლარეს. მივიხედ-მოვიხედე, უფროსი არ ახლავთ. ,,ამას ვერ იყიდით", დავასწარი მოლარეს. ძალიან გაკვირვებულებმა შემომხედეს. ამასობაში მოლარეც დამეთანხმა. ბავშვები გაჯიუტდნენ, და როგორც გრინჩს, ისე დამიწყეს ყურება. როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ,,კანონით აკრძალულია და თუ ვინმე მოგყიდით, დაისჯება-თქო, მივუგე ღიმილით. რანაირად ყიდულობენ, ან რაში სჭირდებათ 8 წლის ბავშვებს ენერგეტიკული სასმელი.

რას ითვალისწინებს კანონი?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი ზაზა დათუკიშვილი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა არასრულწლოვანებზე საქართველოში კანონით აკრძალული არ არის, თუმცა თუ სამედიცინო დასაბუთება ექნება მოზარდებში მავნელობის შესახებ, შესაძლოა, მისი მიღების საჭიროება დადგეს.

- ქართული კანონმდებლობით თინეიჯერებზე ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა დარეგულირებული არ არის, განსხვავებით ალკოჰოლური სასმელებისგან. ბოლო პერიოდში თემის აქტუალურობიდან გამომდინარე წამოიწია ამ საკითხმა. დიახ, ექიმების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მავნებელია ბავშვებისთვის და უნდა იყოს რეგულირებადი.

თუ იარსებებს შესაბამისი სამეცნიერო კვლევები და არ იქნება ეს მხოლოდ ექიმების მოსაზრებაზე დამოკიდებული, ალბათ დადგება საკანონმდებლო დონეზე მისი დარეგულირების საკითხი.

- თუმცა თამბაქოსაც ხშირად მოიხმარენ თინეიჯერები, როგორ ფიქრობთ სად ყიდულობენ?

- დიდ სავაჭრო ქსელებში თუ ნახავთ, მკაცრად კონტროლდება ეს საკითხი, პირადად შევსწრებივარ, რომ თუ ეჭვი შეეპარათ, პირადობის მოწმობას სთხოვენ, თუმცა პატარა მარკეტებში ხშირად არ ხდება ამის კონტროლი, რაც არის კანონდარღვევა. რთულია ფიზიკურად სამართალდარღვევის გამოვლენა, მაშინ ვიღაცამ უნდა მიმართოს სპეციალურ ორგანოს და მიუთითოს, რომ კონკრეტულ მარკეტში მსგავსი დარღვევაა და მიაქციეთ ყურადღება.

- ხშირად მშობლებიც გზავნიან ბავშვებს თამბაქოს საყიდლად...

- დიახ, გეთანხმებით, თუმცა დიდი და ბრენდირებული ქსელები არ ყიდიან არცერთი მიზეზით ალკოჰოლსა და თამბაქოს, თუმცა მშობლის დანაშაული დიდია, როდესაც აგზავნიან ბავშვებს საყიდლად.

- როგორ ფიქრობთ, მშობლებმა რომ დააყენონ ენერგეტიკული სასმელების თინეიჯერებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხი, აუცილებელია, საკანომდებლო ორგანონ გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების გამოცდილება?

- არა, აუცილებელი არ არის, მაგრამ ისევ მივდივართ იმ საკითხთან, რომ ამას სიღრმისეული სამედიცინო კვლევა სჭირდება. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია მსგავსი კვლევის არსებობაზე.

- თუმცა დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები...

- დიახ, ისევ იქ მივდივართ, რომ საერთაშორისო დონეზე არ არის დარეგულირებული, თუმცა დროთა განმავლობაში მასიური ხდება ენერგეტიკული სასმელების წარმოება, იცვლება სახეობა, ხარისხი, რაც ბუნებრივია გარკვეულ გავლენას ახდენს მოზარდის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ამას სჭირდება სპეციალური კვლევა, ასეთი კვლევები თუ იარსებებს, დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო დონეზე ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, რომ გარკვეული რეგულირების ჩარჩოებში მოექცეს, ისე როგორც არის თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაში.

ეს მხოლოდ მოსაზრებების დონეზე ვერ მოხდება, ამას სჭირდება სიღრმისეული სამედიცინო კვლევები, რომლებიც უნდა გახდეს საფუძველი, რომ შემდეგ საკანონმდებლო დონეზე იმსჯელოს პარლამენტმა თუ ხელისუფლებამ.