"2003 წელს სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიით ამერიკაში წამოვედი. ჩემთვის სწავლას და განათლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინაც კი, 17 წლისა „მის თბილისი“ რომ გავხდი და ჩვენებებში ვმონაწილეობდი, ვიცოდი, ეს დროებითი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდოდი...“ - ამბობს უმშვენიერესი ნინო ჩქარეული, რომელიც დღეს ნიუ-იორკში თანამედროვე ხელოვნების სფეროში მუშაობს...
- ბავშვობის მოგონებები ცხოვრებას თითქოს, მეტ სითბოსა და ელფერს სძენს. როდესაც საქართველოში იბადები და იზრდები, შენ უკვე კარგი კარმა გაქვს. იქ სხვანაირი ურთიერთობა, პატივისცემა, სიყვარული იციან.
თბილისში, საბურთალოზე გავიზარდე. მეექვსე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. იმ წლებმა ბევრი კარგი რამ შემძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თბილისი და მთლიანად საქართველო, დღევანდელთან შედარებით, ბევრად ნაცრისფერი იყო. 90-იანი წლებიც კარგად მახსოვს, გაკვეთილები სანთლების შუქზე რომ გვიტარდებოდა და ზამთარში ხელთათმანები გვეკეთა, რადგან შენობა არ თბებოდა. ასეთი რთული პერიოდიც გამოვიარეთ, მაგრამ ამასთან ერთად, დადებითი ის არის, რომ როდესაც ასეთ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემებს ბავშვობიდანვე შეგუებული ხარ, მერე ცოტა რამე თუ შეგაშინებს.
- როგორც გამორჩეულად ლამაზი ბავშვი, უპირატესობას გრძნობდით?
- ასე ვერ ვიტყვი. თავდაჯერებულობა, რაც სამოდელო სფეროში წარმატებას მოაქვს, ჩემთან წლების შემდეგ მოვიდა. იმ დროს კი არ მქონია ჩემს თავზე ისეთი წარმოდგენა, რომ რაღაცით განსხვავებული ვიყავი. ზოგჯერ შურს ვგრძნობდი და ეს ჩემთვის მტკივნეული იყო. ამ ყველაფრის პოზიტიური მხარე საჩუქრად მიღებული ყვავილები და ყურადღება გახლდათ. დღეს მოდელობის წლები მივიწყებული წიგნის ფურცლებივით დარჩა.
- თქვენი მშობლები პროფესიით ვინ არიან?
- მამა - ჯუანშერ ჩქარეული მეცნიერია, ფიზიკის პროფესორი, დედა - გალინა სერგეტა ჟურნალისტი. ის წარმოშობით უკრაინელი გახლავთ, საქართველოში გაიზარდა. ჩემი ოჯახის წრე სამეცნიერო, აკადემიური და შემოქმედებითი ადამიანებისგან შედგებოდა. ჩვენთან სუფრები რომ იმართებოდა, საუბრები სულ ინტელექტუალურ თემებზე იყო: ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე.
- მოდელი რა ასაკში გახდით?
- 17 წლის ვიყავი. მანამდე ქუჩაში მაჩერებდნენ, რამდენიმე სააგენტოდან მქონდა მოწვევა. თავიდან ლიკა ყაზბეგის სტუდიაში დავდიოდი, შემდეგ „ნატალის“ სააგენტოში გადავედი და ეს მგონი უკვე კონკურსის შემდეგ მოხდა. ნატალი სამადალაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სამოდელო ბიზნესის განვითარებაში. ბევრი თაობის საუკეთესო მოდელი სწორედ მან აღმოაჩინა. ძალიან ენერგიული, თავისი საქმის პროფესიონალი ქალბატონი იყო.
კონკურსის შემდეგ სხვადასხვა შემოთავაზება მივიღე. მაკა ასათიანის პირველი ჩვენება 1999 წელს გაიმართა და ის მაღაზიის გახსნასთან იყო დაკავშირებული. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ქუჩაც გადაკეტეს. ჩვენებაზე ჩამოსული იყო პარიზის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელსაც რამდენიმე უცხოელი მოდელი ჰყავდა ჩამოყვანილი ამ დეფილესთვის. ასე დაემთხვა, რომ ამ ჩვენების შემდეგ ისედაც მივდიოდი პარიზში, დედასთან ერთად და სააგენტომ გასაუბრებაზე მიმიწვია, რის შემდეგაც 3-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. წესით რამდენიმე თვეში უნდა ამეღო სამუშაო ვიზა და პარიზში ჩავსულიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ჩემმა მშობლებმა ამაზე უარი თქვეს და დღეს ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
თბილისში დავრჩი, უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წამოვედი.
- პარიზში მოცემულ შანსზე უარი რომ თქვით, ამაზე გული მართლა არ დაგწყდათ?
- დღეს მეც მშობელი ვარ, ჩემი ვაჟი 11 წლისაა, გოგონა - 9-ის. მამას ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. 17 წლის მოზარდის პარიზში მარტო გაშვება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. წლები გავიდა, ნიუ-იორკში მოდის სფეროში საქმიანობა აღარ გამიგრძელებია, მაგრამ აქაურ მოდელებს ვიცნობ და ამ სფეროს ნიუანსები ვიცი. ეს ბიზნესი ექსპლუატაციაზეა აგებული. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. თავად ცხოვრების სტილი და ეს სფერო ისეთია, ცოტა მოზრდილი ასაკის უნდა იყო, სწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღო. ეს კი რთული იქნებოდა 17 წლის გოგოსთვის. ასევე, ამ სფეროში გრძელვადიანი წარმატება გამართლებაზეა დამოკიდებული.
- როცა კონკურსში „მის თბილისი“ მონაწილეობდით, რთული პერიოდი იყო და მოდელებს მაკიაჟზე, კაბაზე, ვარცხნილობაზე თავად უწევდათ ზრუნვა...
- დიახ, მაკიაჟის და ვარცხნილობის გასაკეთებლად სალონში ჩავეწერე, ჩემი ხარჯით გავიკეთე. რაც ვთხოვე, იმდენად კარგად შეასრულეს, კონკურსმა რომ ჩაიარა, ამ სალონში დავრეკე და მადლობა გადავუხადე. სამოსიც თვითონ შევარჩიე, დიდი შავი კაბა მეცვა. ქართველმა დიზაინერმა შემიკერა, რომლის სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს. მაშინ ბევრი დამწყები დიზაინერი შემდეგში ძალიან ცნობილი გახდა და მგონი, ერთ-ერთი ასეთი დიზაინერის იქნებოდა ის კაბაც.
- როგორც ახსენეთ, ელოდით, რომ კონკურსში გაიმარჯვებდით...
- დიახ, ამას შინაგანად ვგრძნობდი. ეს თვისება ყოველთვის მქონდა, ჩემი შესაძლებლობების შეფასება შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურში ბევრი ლამაზი გოგო მონაწილეობდა, რამდენიმე მათგანთან დავმეგობრდი კიდეც, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ეს კონკურსი ჩემი შანსი იყო. ამ წარმატებამ სტატუსი მომცა, ხალხმაც უფრო მეტად გამიცნო.
- მოდელობა გააგრძელეთ?
- სანამ საქართველოში ვიყავი, ვმოდელობდი: კონკურსი 1999 წელს ჩატარდა და ამერიკაში 2003 წელს წამოვედი. მთლიანობაში, დაახლოებით ოთხი წელი ვიყავი სამოდელო საქმეში.
ამერიკაში სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გავაგრძელე კოლეჯში. დამთავრების შემდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, მერე ბავშვებს ვზრდიდი. 2017 წლიდან თანამედროვე ხელოვნების სფეროში გადავედი, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა და რომელსაც სულ ვადევნებდი თვალყურს. ახლა სისტემატურად ვწერ სტატიებს ინგლისურენოვანი ჟურნალებისთვის და გამოფენებს ვაწყობ. 2018 წელს ბერლინში გამოვიდა ჩემი წიგნი „ქალი მეფეა. სამი ქართველი ქალი ხელოვანი“, რომელიც თამარ კვესიტაძის, რუსუდან ხიზანიშვილის და ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედებით და ცხოვრებისეულ გზაზეა.
- რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, ამერიკაში დარჩენილიყავით?
- საქართველოდან რომ წამოვედი, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლები იყო. მოგეხსენებათ, როგორ გაყინული გახლდათ ყველა სფერო, უიმედობა სუფევდა. საქართველოში თუ დავრჩებოდი, სულ სამოდელო სფეროში უნდა ვყოფილიყავი და ვგრძნობდი, ეს ნაკლებად მაინტერესებდა.
ნებისმიერ სფეროში, როცა მაღალ დონეს მიაღწევ, შემდეგ სხვა მიზანი უნდა დაისახო. სულ ერთ დონეზე გაჩერება მოსაწყენია. მეც უკვე იმის მაქსიმუმს რომ მივაღწიე, რაც საქართველოში შემეძლო გამეკეთებინა, მივხვდი, სხვა მიზანი, რაღაც უფრო დიდი მჭირდებოდა. ამერიკაში წარმატების მიღწევა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ამ ოც წელს უნაყოფოდ ნამდვილად არ ჩაუვლია.
- როგორია თქვენი პირადი ცხოვრება? როგორ მოახერხეთ არჩევანის გაკეთება, როცა თაყვანისმცემელთა არმია გყავდათ...
- თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა. მახსოვს, დედა ჩემს დაბადების დღეებს ვერ იტანდა, რადგან აღარ იცოდა, უამრავი ყვავილისთვის რა მოეხერხებინა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ის ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი, დროებითი და არასერიოზული ურთიერთობები გახლდათ...შემდეგ დავოჯახდი, ქორწინებაში 16 წელი ვიყავი და ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს. საკმაოდ ბედნიერი პირადი ცხოვრება მაქვს. საქართველოში უყვართ დრამატული ამბები, მაგრამ ასეთი არაფერი მახსენდება...წაიკითხეთ სრულად