ავტორი:

აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)

აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)

ქართველები საქართველოს ტერიტორიის ანექსიის პირველ ნაბიჯად, აფხაზები კი მათი მიწის ქურდობად აფასებენ რუსეთის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის მისაკუთრებას. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის გარდა, მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვს 49- წლიანი იჯარით გადაეცა. გადასახადი სიმბოლურია - წელიწადში 1 რუბლი.

დოკუმენტს, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებს ხელი ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 27 დეკემბერს მოაწერა. არაღიარებულ პარლამენტში დოკუმენტს გარეთ მიმდინარე დემონსტრაციის ფონზე განიხილავდნენ, თუმცა მოსახლეობის პროტესტმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა. მაგრამ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. მთავრობას პასუხს მოსთხოვენ.

რუსეთისთვის მიწის და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემის საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე კარგა ხანია განიხილებოდა. მოსახლეობის პროტესტის გამო, საკითხი არაერთხელ გადაიდო. ბიჭვინთაში, მიწის ნაკვეთზე, რომელსაც უკვე წლებია რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და #10 მდებარეობს, არის დამხმარე ნაგებობებიც.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინფრასტრუქტურის მიტაცებას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს. ფაქტი დაგმო და მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილად გამოაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას ფართომასშტაბიანი აქციებით გეგმავს.

  • აგარაკი პუტინისთვის

თავშივე ცხადი იყო, რომ პუტინს ბიჭვინთის აგარაკი კიდევ ერთი რეზიდენციის მოსაწყობად სჭირდება. ის აქამდეც რამდენჯერმე სტუმრობდა ბიჭვინთის აგარაკებს. მან ეს თემა 2020 წელს სოჭში სტუმრობისას წამოსწია, როდესაც კორონავირუსული პანდემიისას მოიცალა ალსან ბჟანიასთან პირისპირ შესახვედრად, რათა ე.წ კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია მოეხდინათ. სწორედ იქ შეახსენა პუტინმა ბჟანიას "ბიჭვინთის“ შესახებ.

"ჩვენი შეხვედრისას სოჭში, პრეზიდენტმა ეს საკითხი გაიხსენა და მეც მგონია, რომ სწორი იქნება გადავცეთ რუსულ მხარეს შენობები, დამხმარე ნაგებობები და ა.შ. ლაპარაკი არ არის, რომ ჩვენ გადავცემთ მიწას. ის დარჩება აფხაზეთის სახელმწიფოს მფლობელობაში“, - განაცხადა 2021 წელს ბჟანიამ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისივე თქმით ჯერ კიდევ მოყოლებული 2010 წლიდან რუსეთი ხელისუფლება საკმაოდ ხშირად მიმართავდა სოხუმს სახელმწიფო აგარაკის გადაცემის მოთხოვნით.

თვითონ პუტინმა 2020 წელს განაცხადა, რომ იგეგმებოდა ბიჭვინთის აგარაკების კაპიტალური რემონტი, რათა ობიექტს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ისე ეფუნქციონირა. ბჟანიას მტკიცებით, რუსეთს კანონით არ ჰქონდა უფლება ჩაეტარებინა კაპიტალური რემონტი შენობა-ნაგებობებისთვის, რომელიც მის საკუთრებაში არ იყო და აგარაკის გადაცემის აუცილებლობას სწორედ ამ მოტივით ხსნიდა. ასევე ამბობდა, რომ ეს განამტკიცებდა რუსების და აფხაზების ძმურ ურთიერთობა და ა.შ. თუმცა მოვლენები აჩვენებს, რომ აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აგარაკის გადაცემას და ახლაც აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას მის დასაბრუნებლად.

  • ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის ისტორია

1958 წლის 17 თებერვალს მიღებულ იქნა ნორმატიული დოკუმენტი - სკკპ ცენტრალური კომიტეტის და სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №1834-368 - "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დასახლება ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების მშენებლობის თაობაზე“, რის საფუძველზეც დაიწყო მუშაობა მომავალი სახელმწიფო აგარაკების, ბუნკერის, სამხედრო ბანაკის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების და სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის პროექტზე. დოკუმენტის თანახმად ძირითადი კონტრაქტორების სიაში იყვნენ: თავდაცვის სამინისტრო, კე-გე-ბე, მიწისქვეშა ნაგებობების კვლევითი ინსტიტუტი და ა.შ.

  • მთავარი მიზეზები, რატომაც ბიჭვინთის ნახევარკუნძულზე გადაწყდა სამთავრობო აგარაკის აგება იყო იმჟამინდელი ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნა ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ბუნებრივ-კლიმატური პირობების თაობაზე, რომელსაც მაღალი გამაჯანსაღებელი ეფექტი ჰქონდა და ასევე სეისმოლოგების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ეს ტერიტორია გამოირჩეოდა სეისმური მდგრადობით.

1960 წლის აპრილში სახელმწიფო კომისიამ, რომელიც შედგებოდა სამინისტროებისა და დეპარტამენტების მრავალი წარმომადგენლისგან, ჩაიბარა დასრულებული მშენებლობა. ექსპლუატაციაში შევიდა ყველა ობიექტი, მათ შორის კე-გე-ბეს მე-9 განყოფილების განკარგულებაში არსებული სამხედრო ბანაკი და ბუნკერიც.

  • ბუნკერი

რიგითი საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო აგარაკების მახლობლად ისვენებდნენ, ვერც იფიქრებდნენ ალბათ, რომ სანაპიროს, საცურაო აუზის, ჩოგბურთის კორტებისა და საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ბუნკერი - მთავრობის მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი იქნებოდა განლაგებული. ის განკუთვნილი იყო განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევაში მაღალჩინოსნების შესაფარებლად, ეს იქნებოდა ბირთვული სარაკეტო შეტევა, ბუნებრივი კატასტროფები თუ მასობრივი სახალხო არეულობები.

სამშენებლო სამუშაოების შემდეგ მიწისქვეშა ბუნკერი დაიფარა ზემოდან ნიადაგის გადაგებით და ხეების დარგვით. ბუნკერს ჰქონდა იმ დროის შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საიმედო მიწისქვეშა საკაბელო - საკომუნიკაციო ცენტრი.