ავტორი:

"5 ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“ - მამუკა არეშიძის თავს გადახდენილი ამბები და იარაღის უნიკალური კოლექცია

"5 ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“ - მამუკა არეშიძის თავს გადახდენილი ამბები და იარაღის უნიკალური კოლექცია

ერეკლე მეფის პირადი მცველის, მგელიკა ჭინჭარაულის ფარი, აჭარული მაჭახელა, სვანური და ხევსურული ხანჯლები, ქართული, ტრადიციული ხმლები და დამბაჩები, აღმოსავლური ხმლები, ამერიკული ხიშტ-დანა - ამ ყველაფერს კავკასიის საკითხების ექსპერტის, ყოფილი სამხედრო ჟურნალისტის მამუკა არეშიძის კოლექციაში ნახავთ. როგორც ამბობს, იარაღის შეგროვება ჯერ კიდევ მამამისს, გურამ არეშიძეს დაუწყია. კოლექციის პირველი საგანძური ბაბუის, ივანე არეშიძის ნაქონი ხანჯალი ყოფილა, შემდეგი კი მგელიკა ჭინჭარაულის ფარი. დამბაჩა ვერცხლის ქამრით და კიდევ რამდენიმე ძვირფასი იარაღი მისი შინ არყოფნის დროს, 90-იანი წლებში მოუპარავთ. ამ ამბავს დღემდე გულნატკენი იხსენებს. მიზანში კარგად ისვრის, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველგან ნამყოფია, სადაც ომი და კონფლიქტი იყო, მათ შორის ლაოსსა და კამბოჯაშიც კი, სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში, მაგრამ თავად არასდროს არავინ მოუკლავს, რადგან მიაჩნია, რომ ჟურნალისტისთვის ეს მიუღებელია. ერთადერთი იარაღი, რომელიც გამოიყენა, ტყვიამფრქვევი იყო, იმასაც მხოლოდ იმიტომ მოჰკიდა ხელი, რომ მტერი ახლოს არ მოეშვა. უფრო ვრცლად შუა საუკუნეების ხმლებსა და დამბაჩებზე, ჩვენს ეპოქაში მოძიებულ ცივ იარაღსა და კიდევ იმის შესახებ, თუ სად და რატომ მოუწია სამხედრო ჟურნალისტს ტყვიამფრქვევის გამოყენებამ, მამუკა არეშიძე თავად გვიამბობს:

- ბაბუა ქუთაისის მახლობლად პატარა სოფელ საყულიეში ცხოვრობდა. ხეტყის სფეროში საქმიანობდა და მუდამ ხანჯლით დადიოდა. ბებია ფერშალი ყოფილა, სოფელში ხალხს ძალიან ჰყვარებია. შეძლებული ოჯახი ჰქონიათ. რაც შეეხება ჭინჭარაულის ფარს, ის მამაჩემს მგელიკას შთამომავალმა აჩუქა. მამა ბიოლოგი იყო და საქართველოს მთიანეთში მუშაობდა. კარგი შესახედავი და კარგი ზნე-ჩვევის კაცი, სადაც მიდიოდა, პატივისცემას იმსახურებდა. ხევსურებსაც ძალიან უყვარდათ, მგელიკას შთამომავლისგან კი ძვირფასი საჩუქარი იმიტომ მიუღია, რომ ძალიან კარგ საქმეში დახმარებია. მაჭახელაც აჭარლებმა აჩუქეს მამაჩემს. სპეციალისტმა მითხრა, რომ საქართველოში ასეთი მხოლოდ შვიდი ცალი ყოფილა. დანარჩენი ჩემი ჩამოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შუა საუკუნეების. ბევრი იარაღი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოჩინეთიდან, ლაოსიდან, ირანიდან... მაქვს ხიშტ-დანა, რომელიც კამბოჯაში მოკლულ მებრძოლს ავართვი. დამბაჩა, ვერცხლის ქამრით, რომელიც მომპარეს, განსაკუთრებული იყო თავისი ჭედურობით, მოვარაყებით. დამბაჩა და ქამარი, XVII-XVIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, მესხეთშია გამოჭედილი და ორივეს ერთი და იგივე ხელოსანი ჰყავდა. მისი გვარი იარაღზე იყო ამოტვიფრული - დიასამიძე გახლდათ. იმხანად მესხეთი თურქეთის გავლენის ქვეშ იყო და იარაღიც მუსლიმანური ყაიდისა იყო, მაგრამ ქართული ხასიათი მაინც ჩანდა - ჯვარი იყო შეპარებული ვარაყში. გაგარძელეთ კითხვა