ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ ხვდებიან და რა ტრადიციები აქვთ საახალწლოდ პოლიტიკოსებს. როგორც ყველგან და ყოველთვის, ამჯერადაც ყველაზე ორიგინალური პარლამენტარი, რომან გოცირიძე აღმოჩნდა. უკვე მეორე წელია მისი მეკვლე კატაა. დიახ არ მოგესმათ, როგორც თავად გვითხრა, წინასწარ მეკვლე არასდროს შეურჩევია, თუ მისთვის სასიამოვნო მეზობელი მოუკაკუნებდა, უხაროდა. ორი წლის წინ პირველად შეარჩია გაწვრთნილი მეკვლე - კატა.
"თუ შეიძლება ძაღლი იყოს მეკვლე, კატა რატომ არ შეიძლებოდა?! ძალიან მაგარი კატა მყავს. მეკვლემ ხომ უნდა დააკაკუნოს და სასიამოვნო სიტყვები თქვას, ჰოდა, ჩემი კატა ძალიან მშიშარაა - თუ გარეთ დატოვებ, მაშინვე დაეტაკება კარს და თათებით ფხაჭნის. ორი წუთით გავსვი გარეთ, მაშინვე კარს დაეტაკა და ფხაჭნა დაიწყო, ეს დაკაკუნებად მივიჩნიეთ, მერე დაიკნავლა - ეს საახალწლო დაკნავლება იყო. გავუღეთ თუ არა კარი, გახარებული შემოვარდა, გადავრჩი, გარეთ არ დამტოვესო. აბა, მითხარით, ასეთი ბედნიერი სხვა ვინ შემოვიდოდა?! კატაც ბედნიერი იყო და ჩვენც" - გვიამბო ბატონმა რომანმა.
უფრო ვრცლად პოლიტიკოსების საახალწლო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე პოლიტიკოსები თავად გვიამბობენ.
რომან გოცირიძე:
- ახალ წელს ტრადიციულად ოჯახურ გარემოში, მეუღლესა და შვილთან შევხდები. მეუღლე სუფრას გაშლის, ერთმანეთს დავლოცავთ, ვივახშმებთ, საჩუქრებს გავცვლით და დავიშლებით. მე არა, მაგრამ ჩემს შვილს უყვარს ხმაურიანი წვეულებები. ალბათ, 12 საათის შემდეგ გავა და მეგობრებთან ერთად იმხიარულებს. საუკეთესო იყო ის 6-7 ახალი წელი, როდესაც თოვლის ბაბუად გამოწყობილი ჩემს გოგონასთან საჩუქრებით მივდიოდი, მასთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი. ამას მანამდე ვაკეთებდი, სანამ იმხელა არ გახდა, რომ ჩემს გაშიფვრას შეძლებდა. ე.ი. საბერძნეთში შევიძინე თოვლის ბაბუას მთელი მოწყობილობა, დაწყებული ლამაზი ჩექმებით, ქუდით. ისე შევინიღბე, ვიდრე ხმა არ ამოვიღე, ბავშვმა კი არა, მეუღლემ ვერ მიცნო, დაქირავებული თოვლის ბაბუა ვეგონე. ერთი სიტყვით, რომ ჩავამთავრე მთელი ცერემონია და საჩუქრის გადაცემის რიტუალი, შვილს შევეკითხე, როგორ მოგეწონა თოვლის ბაბუა-მეთქი? - ძალიან კარგი და საყვარელი თოვლის ბაბუა იყო, მამას ჰგავდა თვალებითო.
დავიმახსოვრე მისი ნათქვამი და მეორე წელს, რომ არ ამოვეცნე, შავი სათვალეები გავიკეთე. კიდევ რომ ვკითხე - როგორი თოვლის ბაბუა იყო მეთქი, მისი ხმა მამას ხმას ჰგავდაო. შემდეგ ახალ წელს ხმა აღარ ამოვიღე, უტყვად ჩავატარე მთელი ცერემონია. ამჯერად, გაოცებულმა მითხრა, - რა უცნაური თოვლის ბაბუა იყო, ხმა არ ამოუღია, მაგრამ მაინც მომეწონა, ხელი რომ ჩამკიდა და მათამაშა, მეგონა მამა მეთამაშებოდა, მისი მსგავსი ხელები ჰქონდაო. ვაჰ, ესეც გავითვალისწინე და მორიგ ჯერზე, შავი სათვალეებით, შავი ხელთათმანებით გამოვცხადდი თოვლი პაპუას „პოსტზე“ და მთელი საღამო ხმის ამოუღებლად ჩავატარე. ოღონდ ეს ბოლო, ამის მერე დავკეცე ეს ჩემი თოვლის ბაბუას ფორმა და კარგად შევინახე. მივხვდი, რომ მორიგ ჯერზე ჩემი გოგონა აუცილებლად „გამომიჭერდა“.
რით იქნება გამორჩეული 2024 წელი? - გამორჩეული იქნება იმით, რომ პირველად შევხვდებით ახალ წელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსით. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია და ძალიან მიხარია! მართლა არ მეგონა, ეს თუ მოხდებოდა, ვფიქრობდი, რომ კანდიდატის სტატუსს 10, 15 წლის შემდეგ მივიღებდით. ახლა, თქვენთან საუბრისას კარგი რამ მომაფიქრდა, ტორტი უნდა შევუკვეთო - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.
იაგო ხვიჩია:
- ახალ წელს, სამეგრელოში წავალ და იქ შევხდები მშობლებთან ერთად. მიყვარს იქ ყოფნა. საახალწლო სამზადისში ჩართვას არ ვაპირებ, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვინც კი რამეს გააკეთებს, ყველას მივესალმები სუფრასთან. გამორჩეულად საყვარელი კერძიც არ მაქვს, რაც გემრიელია ყველაფერი მიყვარს. ახალი წლის სუფრაზე კი გემრიელი კერძების კონკურსი ეწყობა და ეს ამბავი ძალიან მომწონს. ზოგადად, დიდად მოქეიფე ადამიანი არ ვარ, ჩემს ოჯახში ამ მისიას საახალწლო სუფრაზე, სხვა ადამიანები ასრულებენ ხოლმე. განსაკუთრებულ ახალ წელს ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ახალი წელი ნამდვილი დღესასწაულია, თუმცა 2024 წელი ნამდვილად გამონაკლისია, იმიტომ რომ ახალ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდებით. ამის გამო ძალიან მიხარია!
ცუდი იქნებოდა, სტატუსი რომ არ მიგვეღო, ბევრი ცუდი რამ მოხდებოდა, ახლა საკმაოდ საინტერესო წელი გველის. ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრების არ მჯერა, მაგრამ სურვილებისთვის და ოცნებებისთვის ბრძოლის მწამს. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ამ წლიდან მაინც მოგბეზრდეთ პოლიტიკოსებს ტყუილების ლაპარაკი, ხალხს კი ამ ტყუილების მოსმენა. ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკოსები ამდენ ტყუილებს ამბობდნენ. ყველაზე მატყუარა პოლიტიკოსს ვერ დავასახელებ, სინამდვილეში არც ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, კორექტული არ ვიქნებოდი.
ეკა ბესელია:
- ახალი წელი ჩემს ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული დღესასწაულია, იმიტომ, რომ ყველა ერთად ვიკრიბებით, ერთად ვზეიმობთ და ერთმანეთს სიხარულს ვუზიარებთ. წელს ვაპირებ, რომ ახალ წელს მცხეთაში შევხვდეთ - მე დედასთან ვარ, შვილები, შეძენილი შვილები და დეიდაშვილები სტუმრად მოვლენ. ადრე, ყოველ ახალ წელს უწმინდესთან ვიყავი 12 საათამდე, ახალ წელს იქ ვხვდებოდი და მერე ოჯახში მეკვლედ მივდიოდი. დედა მიიჩნევდა, რომ კარგი ფეხი მქონდა და 2 იანვარსაც მე ვიყავი მეკვლე. გავიდოდი გარეთ, გავიყინებოდი და შემოვდიოდი. ერთხელ დედას რაღაც არ მოეწონა და უკან გამაბრუნა... ისე სასაცილო იყო ეს ყველაფერი, თავი კომედიურ ფილმში მეგონა. სამწუხაროდ, წელს პატრიარქთან ვეღარ შევხვდები ახალ წელს, მისი უწმინდესობის დატვირთვა არ შეიძლება და მეც მერიდება შეწუხება. კი, გული მწყდება, რომ ეს ტრადიცია შეიცვალა, მაგრამ რას ვიზამ, ასეთია მოცემულობა. ყველა ახალი წელი, რომელსაც უწმინდესთან ერთად შევხდი, ჩემთვის იყო უჩვეულო და სულიერად ამაღლებული. ერთი უჩვეულო ახალი წელიც მახსენდება - გვიანობამდე მომიწია პარლამენტში მუშაობამ, ჩემს თავს ვეუბნებოდი, აი ნახევარი საათიც და წავალ, აი, ოცი წუთიც და... საბოლოოდ ახალ წელს პარლამენტში შევხვდი. წელს საახალწლო სუფრისთვის კერძებს აუცილებლად მე მოვამზადებ. „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობის შემდეგ, ეს რომ არ გავაკეთო, ძალიან უხერხული იქნება.
დედა შეუცვლელია სამზარეულოში, მაგრამ წელს მე სრულიად ახალ, განსაკუთრებულ გემოებს გავეცანი. წელს მართლაც უჩვეულო, ზღაპრულ სამყაროს ვეზიარე კულინარიული ხელოვნების სახით. ამიტომ მინდა, რომ ახალ წელს ჩემი საავტორო მენიუდან გავაკეთო კერძები, მით უფრო, რომ მარხვაზე ვარ და მომიწევს შესაბამისი რაციონით დავამშვენო საახალწლო სუფრა. რაც შეეხება ოცნებებს, მე მჯერა, რომ თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, აუცილებლად მიაღწევს მიზანს. თუ ეს არ გამოდის, ე.ი. ძალისხმევას აკლებს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ოცნებობს და ოცნების რეალობად ქცევისთვის არაფერს აკეთებს. მე სულ ვმოქმედებ, სულ ვცდილობ ჩემთვის სასურველი გარემოს შექმნას. მე ყოველ დილას მადლობის გადახდით ვიწყებ. სახლიდან რომ გამოვდივარ, ჯვრის მონასტერს გავხედავ და ვამბობ - უფალო მადლობა! ჩემი ამ ქმედებით სამყაროს დადებით ემოციას ვუბრუნებ. დიახ, მჯერა, ოცნებები სრულდება, მხოლოდ ჩვენი შრომით და მონდომებით. ნახეთ, წელს რა უჩვეულოდ კარგ ვითარებაში ვართ, ახალი წელი ევროპულმა ოჯახმა მოგვილოცა, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით! ევროპელმა პოლიტიკოსებმა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ გვყავდა და გვყავს, ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცუდ დამოკიდებულებას გამოხატავდა ევროპელების მიმართ. ამ მოცემულობაში ევროკავშირის გადაწყვეტილება ნამდვილად საშობაო საჩუქარი იყო.
ალეკო ელისაშვილი:
- მე ჩემს სახლში შევხდები ახალ წელს, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად. მეკვლედ ჩემი ერთ-ერთი შვილი და ძაღლი გვეყოლება. მერე მშობლებთან წავალთ სტუმრად. სულ ეს არის. ადრე არ მიყვარდა ახალი წელი. 90-იანებში სულ უშუქობა, სიღარიბე, პრობლემები იყო. ამიტომ არც ახალი წელი მეხალისებოდა, ან რა სახალისო იყო?! ვიჯექით უშუქოდ, საჭმელი ჩვენ არ გვქონდა და სასმელი, გვედო წინ ნაძვის ტოტი და რამდენიმე საბჭოთა სათამაშო.
ეს დღესასწაული ჩემმა ცოლმა შემაყვარა, ბავშვების გაჩენის შემდეგ დავიწყეთ სახლის მორთვა, საჩუქრების ყიდვა და ა.შ. არც საახალწლოდ ჩაფიქრებული სურვილების ასრულების მჯერა და არც ის, რომ 2024 წელი ზღაპრულად კარგი იქნება ჩვენთვის. სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ურთულესი პერიოდი მოდის, ნეტავ მშვიდად გადავაგოროთ ეს წელი.