ავტორი:

ცესკოს თავმჯდომარემ თანამშრომლებთან ერთად 2023 წელი შეაჯამა

ცესკოს თავმჯდომარემ თანამშრომლებთან ერთად 2023 წელი შეაჯამა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თანამშრომლებთან და კომისიის წევრებთან ერთად 2023 წელი შეაჯამა. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა 2023 წელს განხორციელებული აქტივობების, არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკმაოდ დატვირთული და გამოწვევებით სავსე 2023 წელი, არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით პილოტირების უმნიშვნელოვანესი ეტაპი წარმატებით გაიარა.

„2023 წელს ჩავატარეთ ორი მნიშვნელოვანი არჩევნები, საფუძველი ჩავუყარეთ სხვადასხვა ნოვაციური პროექტის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალიან დიდი მონდომებით, აქტიურობით, გამჭვირვალე და ღია საქმიანობით საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი, კენჭისყრის დღე, არამედ არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება თავდაუზოგავი და მრავალთვიანი შრომის შედეგია. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს. წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი. როგორც იცით, 2024 წელს პირველად, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა თითქმის 90%-ს ექნება შესაძლებლობა ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩართულ მხარეებთან, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, მზად ვართ ერთად უზრუნველვყოთ მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

შემაჯამებელი შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წარმომადგენლებს მიულოცა დამდეგი 2024 წელი და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის.