ავტორი:

12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით

12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით

სხვადასხვა ქვეყნებში დღესასწაულების აღნიშვნის განსაკუთრებული ტრადიციები გვხვდება, გამონაკლისი არც ახალი წელია. ზოგიერთ კულტურაში სჯერათ, რომ ახალი წელი ჭურჭლის დამტვრევით უნდა აღინიშნოს, ზოგიერთი კი თავიანთ იღბალს თეთრეულის ფერს ანდობს.

მოდით, თვალი გადავავლოთ 10 ყველაზე უჩვეულო საახალწლო ტრადიციას მთელი მსოფლიოდან:

  • ესპანეთი

ესპანეთში ახალი წლის დადგომამდე 12 ყურძნის ჭამა საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიციაა. აქ ყურძნის დროულად მირთმევა იღბლიანი წლის გარანტიად ითვლება.

ამავდროულად, ის, თუ რამდენად ტკბილია ხილი, იმაზე მიანიშნებს, რას მოიტანს მომდევნო წელი. გავრცელებული ინფორმაციით, "12 იღბლიანი ყურძნის" ტრადიცია 1909 წელს მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონს ყურძნის განსაკუთრებულად მოსავალი მოუვიდა.

  • დანია

უჩვეულო ტრადიცია გვხვდება დანიაშიც, სადაც ახალ წელს თეფშების დამსხვრევით ხვდებიან. ხალხი ჭურჭელს კარებთანვე ტეხავს, რადგან სჯერათ, რომ ეს წარმატებული წლის მომტანი იქნება. ადგილობრივები გამოუყენებელ თეფშებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, 31 დეკემბერს კი მათ ოჯახის და მეგობრების კარებთან აგროვებენ. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია დამსხვრეული ჭურჭლის გროვა, მით მეტ ახალ მეგობარს შეიძენენ და მით უფრო წარმატებულები იქნებიან მომდევნო წელს.

  • ეკვადორი

რაც შეეხება ეკვადორს, აქ მოსახლეობა პოლიტიკოსების, პოპ ვარსკვლავების ან სხვა გამოჩენილი ადამიანების ფიგურებს აკეთებს. ისინი ძველ ტანსაცმელს გაზეთით ან ნახერხით ავსებენ და ზემოდან ნიღაბს ადგამენ. ბოლოს, ეკვადორელები ამ ფიგურებს ახალი წლის ღამეს ცეცხლს უკიდებენ, რაც ერთგვარი განწმენდის რიტუალს წარმოადგენს. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია ნებისმიერ უბედურებას და წარუმატებლობას განდევნის.

  • ლათინური ამერიკის ქვეყნები

ამ ქვეყნებში მომდევნო წლის სიუხვეს თეთრეულის ფერებით განსაზღვრავენ. დიახ, ტრადიციის მიხედვით, წითელ საცვალს სიყვარული, ყვითელს კი სიმდიდრე მოაქვს. თუ თქვენ მშვიდობას და ჰარმონიას ნატრობთ, მაშინ ახალი წლის ღამეს თეთრი საცვლით უნდა შეხვდეთ. ასე რომ, თეთრეულის ფერი იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რა სურს ადამიანს მომავალი წლისთვის.

  • ირლანდია

ირლანდიაში მარტოხელა ქალები ბალიშის ქვეშ ფითრის ტოტს დებენ (კენკრა, რომელიც ევროპულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთანაა ასოცირებული). მეორე დღეს ისინი ტოტს ცეცხლში წვავენ იმ იმედით, რომ სიყვარულს მოიზიდავენ.

კიდევ ერთი უცნაური ტრადიცია, რომელიც ირლანდიაში სრულდება, პურის კედლებსა და კარებზე მირტყმას. ითვალისწინებს. ადგილობრივების რწმენით, ეს ჩვეულება მათ ბოროტი სულებისა და ცუდი იღბლისგან ათავისუფლებს.

  • იაპონია

იაპონური ახალი წელი, იგივე ოშოგაცუ, ბუდისტურ ტაძრებში ზარის 108-ჯერ დარეკვით აღინიშნება. მათი რწმენით, ეს იმ 108 ცდუნებისგან ათავისუფლებთ, რომელიც ყველა ადამიანში ბუდობს. იაპონელებს სწამთ, რომ ზარების რეკვა მათ წინა წლის ცოდვებისგან განწმენდს.

  • ფილიპინები

ფილიპინებში ახალი წლის აღნიშვნა უფრო მატერიალურ კეთილდღეობაზეა კონცენტრირებული. ჰარმონიისა და სიმდიდრის მიღების იმედით, ფილიპინელები სახლს მრგვალი ფორმის ნივთებით ამკობენ, რადგან ის მონეტებსა და სიმდიდრეს უკავშირდება. ამის გამო, ფილიპინელები, ესპანელების მსგავსად, ყურძენს მიირთმევენ. ახალი წლის დახვედრამდე, ისინი ჯიბეებში მონეტებს ილაგებენ და მათ გამუდმებით აჩხარუნებენ.

  • იტალია

იტალიის გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის ნეაპოლში, სიძველის თავიდან მოშორება ახალი წლის ტრადიციაა. იტალიელები არასასურველ ნივთებს, მათ შორის ავეჯსაც კი, აივნიდან პირდაპირ ქუჩაში გადაუძახებენ ხოლმე. ამას ადგილობრივები სიახლეებთან შესახვედრად აკეთებენ. იმისთვის, რომ გამვლელები არ დაშავდნენ, ნეაპოლელების უმეტესობა, გადასაყრელად პატარა და ფუმფულა საგნებს ირჩევს. ამის მიუხედავად, თუ ახალ წელს ნეაპოლის ქუჩებში გავლას გადაწყვეტთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საინტერესოა, რომ ამ ჩვეულებას იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაშიც ვხვდებით.

  • შოტლანდია

შოტლანდიაში, საქართველოს მსგავსად, მეკვლის ტრადიციას ვხვდებით. ადამიანი, რომელიც სახლის ზღურბლს პირველი გადმოაბიჯებს, ქუალტაგის სახელითაა ცნობილი. წესისამებრ, მან ოჯახში სიმბოლური საჩუქრები უნდა მიიტანოს, როგორიცაა მონეტები, ნახშირი, მარილი, ან ვისკი, რომელსაც შოტლანდიელების რწმენით, საუკეთესო იღბალი მოაქვს.

  • გერმანია

რაც შეეხება გერმანიას, აქ ახალი წლის ღამეს ტრადიციულ კერძს, Silvesterkarpfen-ს მიირთმევენ, რომელიც თევზისგან მზადდება. გერმანელები თვლიან, რომ თუ თევზის ფხას საფულეში მთელი წლის განმავლობაში შეინახავენ, ეს მათ სიმდიდრეს და იღბალს მოუტანს. ტრადიციისამებრ, თევზის ფხის გადაგდება აკრძალულია, რადგან მიიჩნევა, რომ ამას წარუმატებლობა მოჰყვება, ამიტომ ბევრი მათგანი თილისმასავით ინახავს მას.

წყარო: travel

მოამზადა: ანა სიბოშვილმა