ავტორი:

"დასამალი არაფერია... მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან, რადგან რთული პერიოდები გამოვიარეთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"დასამალი არაფერია... მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან, რადგან  რთული პერიოდები გამოვიარეთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო - ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლი, გადამწყვეტია.

"ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, (დღეს არცერთი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა ეს), დღეს ქვეყანა შეიძლება საერთოდ აღარ გვქონოდა. 2012 წელს წინა, მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა ომში ჩაბმული იქნებოდა, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად განადგურებას. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტი და ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ლომის წვლილი, მთავარი უნიკალური როლი მან შეასრულა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან თავად განმარტა ყველა მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იცვლება და ეს ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება მსოფლიო წესრიგი. არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის და რაც მთავარია ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება“,- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს, ის არ უარყოფს, რომ ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იქნება ბიძინა ივანიშვილი ფაქტორი, თუმცა აცხადებს, რომ როგორც თავად ივანიშვილმა განმარტა, პოლიტიკაში დასაბრუნებლად მას უფრო დიადი ეროვნული მიზნები და მიზეზები ჰქონდა.

"ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, ბევრად უფრო დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს. ბუნებრივია, ის კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს, უფრო მეტად სტაბილურს და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ამაზე თავად მოისმინეთ შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს აღარ არსებობს, განადგურებულია, პრაქტიკულად. არ ისმის არც ერთი ნორმალური საღი კრიტიკა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მმართველ გუნდში კორუფციის რისკებზე საუბრობდა, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ასეთი პოტენციური რისკები მრავალგვარი შეიძლება იყოს და მრავალ სახელმწიფოში.

"ამ რისკებს სჭირდება გადაზღვევა, გაძლიერება, გამყარება სჭირდება, გუნდს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია სჭირდება და ამ როლს და არა მარტო ამ როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი. თავად განცხადებაში, თავის სიტყვაში მგონი ძალიან მკაფიოდ განმარტა მიზეზი, რის გამოც თვლის, რომ ეს რისკი, თეორიული რისკი, შესაძლოა არსებობდეს და ამას არავინ არ უარყოფს, როდესაც ადამიანს აღარ ჰყავს ოპონენტი... მან თქვა ადამიანურ ფაქტორებზე, ადამიანურ გარემოებებზე გააკეთა აქცენტი. ამ მიზნით თქვა, რომ საჭიროა მეტი კონსოლიდაცია, დაზღვევა ამ რისკების. ის კი არ თქვა, რომ დღეს რაღაც ხდება, არამედ შესაძლოა, რამე მომხდარიყოო, ან მოხდეს, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გამყარდეს სიტუაცია ქვეყანაში. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დამშვიდება, სტაბილურობა და მეტად უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური მომავალი. ისე როგორც მანამდე იყო ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გარანტი- მშვიდობის, სტაბილურობის და უკეთესი მომავლის, ამ როლს და მისიას პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციიდან კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ტურბულენტურ სიტუაციაში სწორად ნავიგაციას.

"აღარ ვისაუბრებ იმაზე, ეს რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას. უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა ქვეყანაში. ადვილი საპროგნოზოა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში, შეიძლება ითქვას, გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება. ჩვენი პრეტენზია, მიზანია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ ყველაფერში ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას.

რაც მთავარია, ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში. დასამალი არაფერია და მე მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ რომ ისეთი რთული პერიოდები და კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, ვგულისხმობ სტრატეგიულ საკითხებს, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების" ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

წაიკითხეთ ასევე: