ავტორი:

"გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები უნდა გადავარჩინოთ" - მძიმე ახალი წელი იაპონიაში: ძლიერი მიწისძვრა მსხვერპლით და ცუნამის საფრთხე: უახლესი ცნობები და ფოტოები

"გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები უნდა გადავარჩინოთ" - მძიმე ახალი წელი იაპონიაში: ძლიერი მიწისძვრა მსხვერპლით და ცუნამის საფრთხე: უახლესი ცნობები და ფოტოები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულები იშიკავას პრეფექტურიდან არიან, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

ამასთან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა იშიკავას, ნიიგატასა და ფუკუის პრეფექტურებში, ქალაქ ვაჯიმასა და სუზას სამაშველო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინებები დანგრეული შენობებისა და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ.

მიწისძვრის ეპიცენტრში 30 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგიერთ რაიონს კი წყლის მიწოდებაც შეუწყდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ცუნამის საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილებები და რეკომენდაციები გააუქმა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, სურს, მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ დახმარება გზაშია.

"თავდაცვის ძალებს ბევრი სირთულე შეექმნებათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისასვლელად, რადგან გზები მოწყვეტილია, მაგრამ შენობებში ჩარჩენილი ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა გადავარჩინოთ, სანამ შენობები ჩამოინგრევა. თავდაცვის ძალების ჩინოვნიკებს ვუბრძანე, ყველაფერი გააკეთონ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მისასვლელად“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა, იაპონიისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

"აშშ მზად არის, გაუწიოს ნებისმიერი საჭირო დახმარება იაპონელ ხალხს", - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

როგორც სეისმური სამსახური იუწყება, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უფრო ძლიერი მიწისძვრები იმ მხარეში, სადაც სეისმური აქტივობა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დუღდა. "მაქალაქეები უნდა იყვნენ მზადყოფნაში შემდგომი შესაძლო მიწისძვრებისთვის და მოვუწოდებ ხალხს იმ ადგილებში, სადაც ცუნამია მოსალოდნელი, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ტერიტორიები“, - თქვა პრემიერმა კიშიდამ.

"გაიქეცი!" - სატელევიზიო ეკრანებზე გამოჩნდა ყვითელი გაფრთხილება, რომელიც სანაპიროს კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევს, სასწრაფოდ დატოვონ სახლები. მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მიმოსვლა იშიკავას მიმართულებით შეჩერებულია. იაპონურმა ავიაკომპანიამ ANA (9202.T) უკან დააბრუნა თვითმფრინავები, რომლებიც მიემართებოდნენ ტოიამასა და იშიკავას აეროპორტებში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გააუქმა თავისი სერვისების უმეტესი ნაწილი ნიიგატასა და იშიკავას რეგიონებში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იშიკავას ერთ-ერთი აეროპორტი დაკეტილია.