დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედიის თანახმად, რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის შემდეგ ოლქებში ჩამოვარდა: პეჩერსკი, ობოლონსკი, ჰოლოსიევსკი და სვიატოშინსკი.
სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 41-ზე მეტი დაიჭრა უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვზე თავდასხმების შედეგად - ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ უკრაინის სამხედრო ძალებიც. "კიევი - დარჩით თავშესაფრებში. ბევრი რაკეტა მიემართება თქვენი მიმართულებით“, - ნათქვამია Telegram-ზე.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" გაუშვეს.
ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
"პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი ცაში აფრინდა“, - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.