ავტორი:

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ნახევარკუნძულზე, სადაც ეპიცენტრი იყო, რიგ ქალაქებში შესვლას მაშველები კიდევ ვერ ახერხებენ

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ნახევარკუნძულზე, სადაც ეპიცენტრი იყო, რიგ ქალაქებში შესვლას მაშველები კიდევ ვერ ახერხებენ

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ცუნამის ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები გამოიწვია.

სახლები ჩამოინგრა, შენობებს ცეცხლი გაუჩნდა და გზები ძლიერად დაზიანდა, რაც სამაშველო სამსახურის მუშაობას აფერხებს.

7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ნოტოს ნახევარკუნძული, ცენტრალურ იაპონიაში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თქვა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურები ყველაფერს აკეთებენ გადარჩენილების საშველად.

მან ასევე თქვა, რომ დაახლოებით 3000 მაშველი ცდილობდა ნოტოს ნახევარკუნძულის ნაწილამდე მისვლას. ვერტმფრენით დაკვირვებისას ნახეს ხანძარები, ასევე შენობებისა და ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაზიანება. ნოტოს ჩრდილოეთ სანაპიროზე ქალაქი ვაჯიმა მოწყვეტილია სახმელეთო მარშრუტებს.

იშიკავას პრეფექტურის სანაპირო ქალაქ სუზუში კი, სახლების დაახლოებით 90% "მთლიანად ან თითქმის მთლიანად განადგურდა“,- განუცხადა მერმა მასუშირო იზუმიამ საინფორმაციო გამოცემა "Kyodo“-ს.

სამხედროები ურიგებენ სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქტებს და ნივთებს - საკვებს, წყალს და საბნებს მათ, ვისაც სახლების დატოვება მოუწია. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ 57 360 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ძლიერი მიწისძვრის შემდგომი ბიძგები 2 იანვარსაც გაგრძელდა. მთავრობამ გააფრთხილა ხალხი, რომ "ფხიზლად იყვნენ", რადგან მომდევნო კვირაშიც, შესაძლოა, განმეორდეს ძლიერი მიწისძვრების სერია.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა