სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი თავის მცირეწლოვან ქალიშვილს მემკვიდრეობისთვის ამზადებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კიმ ჯუ ე კიმ ჩენ ინის მემკვიდრედ მიიჩნია.
ის ამ დროისთვის მემკვიდრეობის ყველაზე სარწმუნო კანდიდატად გვევლინება.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მზად ვართ ყველაფრისთვის, რადგან კიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც არ აქვს და ბევრი რამაა შესაძლებელი",- აცხადებენ სადაზვერვო სამსახურში.
სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა, კიმ იუნგ-ჰომ გასულ თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის მემკვიდრეზეც ისაუბრა: " კიმ ჩენ ინის ქალიშვილზე მუდმივი აქცენტი შესაძლოა იმის მტკიცებულებად ჩაითვალოს, რომ კიმი შიდა გარემოებების სირთულის ფონზე მემკვიდრეობის განაწილების გეგმების წარმოჩენას ცდილობს",- განაცხადა მან.
დაზვერვის სამსახურში აღნიშნეს, რომ კიმ ჯუ ეს "პატივსაცემ ქალიშვილად" მოიხსენიებენ, და არა "საყვარელ" ქალიშვილად, როგორც ის მისი პირველი საჯარო გამოსვლისას მოიხსენიეს.
როგორც წესი, ზედსართავი სახელი "პატივსაცემი" ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დამსახურებულ ადამიანებზე საუბრისას გამოიყენება. კიმ ჩენ ინის შემთხვევაში, მას "პატივსაცემ ამხანაგად" მხოლოდ მას შემდეგ მოიხსენიებდნენ, რაც მისი, როგორც მომავალი ლიდერის სტატუსი გამყარდა.
ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას არწმუნებენ, რომ "კიმები" წმინდა სისხლის შტოდან არიან, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის მართვა.
სულ ახლახან, 10 წლის გოგონა მამამისს ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Hwasong-18 (ICBM)-ის სატესტო გაშვებაზე თან ახლდა. ის მამის გვერდით იყო ასევე ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებისას. დიქტატორმა გოგონა გასულ ხუთშაბათს რაკეტების საწარმოშიც მიიყვანა, სადაც მამა-შვილს მსგავსი შავი ფერის სამოსი ეცვა.
კიმ ჯუ ეს მომავალ გეგმებს ისიც მოწმობს, რომ სულ ახლახან მთავრობის მიერ გამოშვებულ ხუთ ახალ საფოსტო მარკაზე 10 წლის გოგონას ფოტოც განათავსეს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა