ავტორი:

ნიუ-იორკის მეტროში ერთმანეთს მატარებლები შეეჯახნენ - არიან დაშავებულები (ფოტოები)

ნიუ-იორკის მეტროში ერთმანეთს მატარებლები შეეჯახნენ - არიან დაშავებულები (ფოტოები)

ნიუ-იორკის მეტროში, ნაშუადღევს, ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე რელსებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები.

მატარებლების შეჯახების შედეგად 24 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ასობით კი ევაკუირებულია, - აცხადებს პოლიცია.

სამართალდამცველთა ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებენ. "ხალხი მატარებლიდან ჩადიოდა და ლიანდაგზე გარბოდა",- იხსენებდა ერთ-ერთი მგზავრი ავარიის შემდგომ ქაოსს.

იმის გამო, რომ სამგზავრო მატარებელი სადგურიდან ჯერაც არ იყო ბოლომდე გასული, მასში მსხდომი მგზავრების ევაკუაცია სადგურის ბაქანზევე მოხდა. დაახლოებით 300-400-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა დამატებით მესამე მატარებლიდანაც, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ შეჯახებული მატარებლების უკან გაჩერდა.

"ტექნიკურად ყველაფერი გამართული იყო. ცხადია, ორი მატარებელი ერთმანეთს არ უნდა ეჯახებოდეს. ყველაფერს ძირფესვიანად გამოვიკვლევთ",- განაცხადეს მეტროპოლიტენის წარმომადგენლებმა.

როგორც ირკვევა, ორიდან ერთი მატარებელი მწყობრიდან იყო გამოსული და მის შეკეთებას ცდილობდნენ. პარალელურად, სამგზავრო მატარებელი ექსპრეს ლიანდაგზე გადამისამართდა, რათა მწყობრიდან გამოსულ მატარებელს მორიდებოდა. შეკეთება ჯერ არ ჰქონდათ დასრულებული, რომ მწყობრიდან გამოსულმა მატარებელმა მოულოდნელად მოძრაობა დაიწყო, რამაც მათი შეჯახება გამოიწვია და ორივე რელსებიდან გადავიდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა