ავტორი:

დღეს ძლიერი ქარი, თოვლი და ყინვა, 7 იანვარს კი +22 გრადუსი - სად როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

დღეს ძლიერი ქარი, თოვლი და ყინვა, 7 იანვარს კი +22 გრადუსი - სად როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შედარებით თბილი ამინდი 9 იანვრამდე შენარჩუნდება.

"ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია დღევანდელ დღეზე იყო და ვხედავთ, რაც არის. ასე იქნება ექვსი იანვრის დილამდე. ხვალ უკვე მთელ საქართველოში გამოიდარებს. ტემპერატურაც მოიმატებს და 7 იანვარს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია... დასავლეთ საქართველოში 7 იანვარს +21-22 გრადუსი იქნება... ასეთი სითბო დასავლეთ საქართველოში იქნება, ტემპერატურა მოიმატებს... თბილი, უნალექო ამინდი იქნება და აღმოსავლეთის ქარი იქროლებს...

დღეს და ამაღამ ამინდი გაუარესებულია. მაღალ მთებში შენარჩუნდება თოვლი, ქარბუქი, ნისლი, ხილვადობის გაუარესება, გზებზე ლიპყინული, რაც ხელს შეუშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და ეს გვიწერია კიდეც გაფრთხილებაში... აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს ქარი გაძლიერდება და ღამითაც შენარჩუნდება. ძლიერი ქარი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.

როგორც მოგახსენეთ, 7 იანვარს მთელ საქართველოში გამოიდარებს და ამინდის გაუარესებას 9 იანვრიდან ვფიქრობთ. ამის შესახებ შემდეგ ცალკე ვისაუბრებთ თუ გაფრთხილება იქნება საჭირო, აუცილებლად გავავრცელებთ", - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.