ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთია იმ რესპონდენტებს შორის, რომელიც ყოველთვის გულწრფელად საუბრობს. მისი შეფასებები კი მუდამ სკანდალურია. არც პოლიტიკაზე საუბარს ერიდება და არც პოლიტიკოსების კრიტიკას. გადავწყვიტეთ, 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე სწორედ მასთან გვესაუბრა.
- ალეკო, როდესაც გვეგონა, რომ 2010 წელი ოპოზიციისთვის მშვიდად დამთავრდა, სწორედ ახლა ატყდა კომპრომატების ომი. ბადრი ბიწაძისა და ლევან გაჩეჩილაძის სკანდალს ვგულისხმობ...
- გულზე ხელი რომ დავიდოთ, ყველა ვხვდებოდით, რომ ჩვენს პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტს შორის კულუარულად ბინძური ლაპარაკი იმართებოდა. ეს ჭუჭყი ახლა ამოტივტივდა და ოპოზიციაც ერთმანეთს უფრო დაერია. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ჰგავს რეალობას, როგორც წარმომედგინა ყველაფერი, ზუსტად ისეა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვანგა ვარ, უბრალოდ, ასეთი პირი უჩანდა. ცუდი იცით, რა არის? ჩვენ რომ ჯანმრთელი ქვეყანა არ გვაქვს, ამ ყველაფერმა უკვე გამოავლინა. ახლა ამის გარჩევა ჟურნალისტურ დონეზე მიდის. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამას პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება მოჰყვებოდა. ბადრი ბიწაძე, რომელიც ამ ყველაფერს ჰყვება, მატყლის მჩეჩავი ხომ არ იყო, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ და ახლა პოლიტიკური კორუფციული გარიგებების შესახებ გვიყვება. რას ჰქვია, არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ფული გადაიხადეს? თუ ეს ასე არ არის, მაშინ პასუხისმგებლობა ბადრი ბიწაძეს უნდა დაეკისროს, მაგრამ ჩვენ ხომ ავადმყოფ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- ფაქტია, რომ ამ ამბავმა ქართული ოპოზიცია სერიოზულად დააზარალა...
- რატომ?.. მთელ ამ სკანდალში დავით უსუფაშვილი კარგად გამოჩნდა. მასზე ვერც ხელისუფლება ამბობს რამეს და ვერც ოპოზიცია. ამ ამბიდან ყველაზე მოგებული ხალხი დარჩა, კულუარები ყველამ დაინახა. ეს პოლიტიკური ლიდერები მოდიოდნენ და გულზე მჯიღს ირტყამდნენ, ამ დროს თურმე "პადვლებში" რაღაცებს ლაპარაკობდნენ. საბუთი არსად არ არის, მაგრამ შინაგანი ხმა და რწმენა მკარნახობს, რომ ბიწაძეებს, სააკაშვილებსა და გაჩეჩილაძეებს შორის დაახლოებით მსგავს რაღაცებზე იყო ლაპარაკი.
- თუ ლევან გაჩეჩილაძემ ფული აიღო, აბა, უცნობი საკანში თავს რატომ იტანჯავდა. პოლიციის შენობაშიც სცემეს, თუ ესეც შოუ იყო?
- ღობეზე თვითონ გადახტა და ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოქცეულიყო. მე კანონის პატივისმცემელი კაცი ვარ, მაგრამ იქ ერთი კარგი რამეც ქნა, ხალხს რომ არ მოუწოდა გამომყევითო. რომ სცემეს, ეგეც საზიზღრობა იყო. კარგი, გადახტა, დაიჭირე და დააჯარიმე, მაგრამ რას ურტყამ... ღმერთო მაპატიე, მაგრამ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ზურაბ ჟვანიას დანერგილი პოლიტიკური კულტურის ბოლო ბიძგია. კულუარული გარიგებები, პოლიტიკური კორუფცია, გაყალბებები, მაქინაციები, მაგრამ ზურაბ ჟვანია დიდოსტატი იყო და სხვები არიფები არიან. ხომ ხედავთ, ისეთი გარიგება ვერ დადეს, რომ ერთმანეთისთვის არ წამოეძახებინათ. ხვალ რომ გავიღვიძებთ, ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე არ დაგვხვდებიან, მაგრამ პოლიტიკაში მორალსა და გონებაზე მოთხოვნილება იზრდება და ეს მომწონს.
- ვინ იქნება პოლიტიკოსების ის ახალი ტალღა, რომელიც ხალხის გულს მოიგებს?
- აი, ის, ბაზალეთის ძირში აკვანი რომ დგას და იქ ერთ ქართველს რომ სძინავს (იცინის). არ ვიცი, იმის შიშით, რომ არც არავინ ჩანს, ამ სიბინძურეში მოფუთფუთე პოლიტიკოსებს ვებღაუჭოთ? გამოჩნდებიან, ნელ-ნელა გაიზრდებიან, ასე დაღუპულებიც არ ვართ.
- შეიძლება, ეს ამბავი 2010 წლის სკანდალად ჩავთვალოთ...
- დიახ, ეს არის ერთ-ერთი ყველზე დიდი სკანდალი. თან ეს ასე არ დამთავრდება, წავა და წავა...
- როდესაც ოპოზიციაში არეულობაა, ამ დროს პრეზიდენტი მშვიდად ატარებს მთავრობის სხდომას სათაფლიის გამოქვაბულში...
- მიხეილ სააკაშვილს საქმე გამოელია. ვერ ხედავთ, ვინ ვის დაერია და ვინ რას აძახებს, ვერ გაიგებ. მიშამაც რა ქნას, დადის. სიმართლე გითხრათ, სრული სერიოზულობით ველოდები, როდის იქნება მთავრობის სხდომის პირდაპირი ჩართვა საუნიდან. რატომ იცინით, არ არის სასაცილო. თან მერე სასაცილო ის იქნება, რომ ყველა ქალმა იცის, კაცი თუ საუნაშია, იქ რაღაც სიგლახეში მონაწილეობს. წარმოიდგინეთ, ჩვენი მთავრობის წევრი სახლში რომ მივა და ცოლი ეკითხება, სად იყავი? - საუნაში. რას აკეთებდი? - მთავრობის სხდომა გვქონდა. ეჭვსაც ვერ შეიტან (იცინის).
- ამ თემაზე ოთხმოცი ლისაბონელი მეძავის სკანდალი გამახსენდა.
- სიმართლე გითხრათ, მაგ ფაქტს გადამოწმება სჭირდება, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის გადამკიდეებს რა გაგვიკვირდება? დადის და ჩიტებსა და დინოზავრებს დასდევს. გეუბნებით, ამ ოპოზიციას რომ უყურებს, საქმე აღარ აქვს.
- ბოლო დროს ძალიან საინტერესო კონცერტები გაიმართა ბათუმში. რომელიმე მათგანს ხომ არ დაესწარი?
- პრეზიდენტი და მისი გარემოცვა საოცრად ბედნიერ ქვეყნაში ცხოვრობენ. ვერ ხედავთ, სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ ანეკდოტი გვყავს. მერვე კლასში დანიშნეს მინისტრად და თანდათან ვაჟკაცდება. მალე ულვაშიც ამოუვა. იმ დღეს ამბობს, ჰოლანდიიდან დედალ-მამალი ძროხები ჩამოგვყავსო (იცინის). გარემოს დაცვის მინისტრი ისეთი გვყავს, რომ საკუთარ თავს პრემიებს უწერს. რა ენაღვლებათ, სხედან და ფიქრობენ, აბა, ვინ არ მოგვიწვევია საქართველოშიო. ამ დროს მე ისეთ საქართველოში ვცხოვრობ, მეტროში რომ ჩახვალ, გული მოგიკვდება, იმდენი მათხოვარია და ნაგავს რომ გადააგდებ, რიგი დგება.
- ამბობენ, რომ ოპოზიციის გადამკიდე მთავრობის უკმაყოფილო ხალხის რიცხვი შემცირდა...
- რა შემცირდა, უბრალოდ, დაბნეულები და გაფაციცებული არიან. ყველამ იცის, ვინ არის სააკაშვილი და ის მინისტრები დედალ-მამალ ძროხას რომ ვერ არჩევენ. იქით გაიხედავ და "პადვალში" სხედან და საოცრებებს ლაპარაკობენ. თან დალოცვილო, ამ ბადრი ბიწაძეზე ვამბობ, თუ იცოდი, რომ ეს კაცი გარიგებებზე მიდიოდა, ორი წელი რატომ ამხანაგობდი მასთან? აბა, ხალხმა რა ქნას, რომელზე გაბრაზდეს? მე ჩემს თავს იმას ვეკითხები, რომელი მხარე უფრო არ მომწონს.
- ამასობაში პრეზიდენტი ხომ არ შეგიყვარდა?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლა მე მიშას ვერაფერი შემაყვარებს.
- უცნობმა თქვა, თუ ლევანმა ფული აიღო და დადასტურდებოდა, პირდაპირ ეთერში ყელს გამოიჭრიდა.
- ძალიან მომწონს, რომ ასეთ დაძახილებს ყავლი გასდის. პოლიტიკაში არ შეიძლება დავიგინები, ყელს გამოვიჭრი, თავში რამეს ჩავირტყამ. მაპატიეთ, მაგრამ როცა პრეტენზია პრეზიდენტობასა და ერის ლიდერობაზე გაქვს, ცოტა ადეკვატური ლექსიკით უნდა ილაპარაკო.
- ბოლოს თქვენთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, პოლიტიკურ სიახლეებს "ეროვნული ფორუმისგან" ელოდით. მაგრამ ფორუმმაც არაფერი ქნა...
- როგორ არა, ნიჩაბი აიღო და საფლავი გათხარა. ახლა წელამდე არიან ჩასულები და მიწას იყრიან. იცით, კიდევ რა არ მესმის? ბავშვობაში უბანში მომისმენია, პოლიციელი რომ გაგინებს, არ ტეხავს, იმიტომ, რომ პოლიციელია. ჩვენი პოლიტიკოსებიც შეთანხმდნენ, თუ ერთმანეთს აგინებენ, ეს არაფერს ნიშნავს. ფორუმი ადრე ბურჯანაძეზე ამბობდა, ეგ რუსეთთან არისო. შეხედავ მეორე დღეს და ერთად კურკურებენ. შეიძლება მე ვარ მაგარი გლეხი და არიფი, ან მთვარეზე ვცხოვრობ. ვიღაცამ მლანძღოს, მთათხოს, კორუმპირებული მეძახოს და მივიდე და იმასთან ერთად ვიყო? შეიძლება, ერთი თვის შემდეგ ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე ისევ ერთად ვიხილოთ. გამორიცხავთ? სოზარ სუბარი და ირაკლი ოქრუაშვილი ერთ პარტიაში არიან. ასევე ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩილაძეც. ეროსი, რომელიც 5 იანვრის არჩევნებში მიშას ეხმარებოდა, ბადრისა და ლევანზე ამბობდა, ის ძალა დიდი ბოროტებააო. ხალხი იმის მიხედვით არ უნდა აკეთებდეს არჩევანს, რა ლამაზი ხალი აქვს და როგორი გულწრფელიაო. სინამდვილეში არ არის გულწრფელი.
- აბა, მარტო ხალი აქვს?
- (იცინის) შეხედეთ დასავლურ კრიტერიუმებს, როგორ აფასებენ პოლიტიკოსებს. როგორი მეოჯახეა, რას გვათავაზობს, ცხოველებისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს. ჩვენთან კიდევ, როგორ უკრავს დოლსა და გარმონზე...
- ახლა როგორი პოლიტიკური წელი გვექნება?
- "ეროვნული ფორუმი" თუ ამოფოფხდა, მათთვისვე იქნება კარგი. ირაკლი ალასანია მაგრად დაებერტყა არჩევნების შემდეგ და ახლა რამდენიმე კარგი ნაბიჯი გადადგა, ხალხს იმატებს.
- ახალი წელი სად გაატარეთ?
- როგორც ყოველთვის, ოჯახში. მართალია, იმ დროს ჩემს შვილებს ეძინათ, მაგრამ ერთი ტანსაცმელი მაქვს, რომელსაც ყოველ ახალ წელს ვიცვამ.
- ალბათ ჩოხას გულისხმობთ...
- არ გეტყვით, რას. როდესაც საქართველო გამთლიანდება, მას აღარ ჩავიცვამ. იმედიანი კაცი ვარ და ყველაფერს იმედით ვუყურებ. ყველას ჯიბრზე აქედან არასოდეს წავალ. აი, ეგრე (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)