ავტორი:

"ნამდვილი ლეგენდა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი" - როგორ ემშვიდობებიან საქართველოში კაკული გურიელაშვილს

"ნამდვილი ლეგენდა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი" - როგორ ემშვიდობებიან საქართველოში კაკული გურიელაშვილს

59 წლის ასაკში, მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ვაჟმა მიშელ გურიელაშვილმა გაავრცელა. ქართველების საყვარელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი ბათუმში დაიბადა, პატარა იყო, როდესაც მისი ოჯახი საქართველოდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, თუმცა ჩვენი ქვეყნის სიყვარული არასდროს დაუკარგავს. ამბობდა, რომ საქართველო მისთვის მეორე სამშობლო და განსაკუთრებული ქვეყანა იყო. მისი რეპერტუარის დიდი ნაწილი შედგებოდა ქართული სიმღერებისგან. ხშირად სტუმრობდა საქართველოს ოჯახთან ერთად და გამორჩეული მეგობრობა აკავშირებდა მომღერალ მერაბ სეფაშვილთან. მან დიდი წვლილი შეიტანა ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

"ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ქართულ კერძებს ვამზადებთ, ქართულ სადღეგრძელოებს ვამბობთ, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ვასრულებთ. ქართულ სტუმართმოყვარეობას ვასწავლი შვილიშვილებს. ებრაელებს კაცების დღე გვაქვს და ამ დღეს შვილიშვილებს ჩოხით ვაცეკვებთ. მეფე-დედოფალი დაისით იწყებს ცეკვას. ეს ქართული ტრადიციებია. თუმცა, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის, ქართული სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნებაა. ჩემმა შვილებმაც ქართული ოჯახები შექმნეს, ქართველი რძლები მყავს", - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი.

AMBEBI.GE გარდაცვლილი მომღერლის მეგობრებს ესაუბრა, რომლებიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და კომენტარის გაკეთება უჭირთ. მათი თქმით, ბატონი კაკული სიმსივნეს დიდხანს ებრძოდა, ბოლო თვეში კი ძალიან დამძიმდა. ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები პერიოდულად წერდნენ სოციალურ ქსელში პოსტებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

სოციალურ ქსელში ქართველები დიდი მწუხარებით ეხმაურებიან კაკული გურიელაშვილის გარდაცვალებას:

"კაკული უმაგრესი კაცი და მეგობარი", - წერს "ფეისბუქგვერდზე" პროდიუსერი კახი მამულაშვილი ("მამულიჩა").

"მშვიდობით, ჩემო მეგობარო. ძალიან დაგვწყვიტე გული", - ასე ემშვიდობება კაკული გურიელაშვილს მომღერალი ნინო ჩხეიძე.

"რა სამწუხაროა, თქვენნაირი ადამიანები რომ გვტოვებენ, ბატონო კაკული - ნამდვილი ლეგენდა და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი", - წერს ბლოგერი ლევან კირვალიძე.

"კაკული გურიელაშვილი, ძალიან, ძალიან გვატკინე გული, ძმაო! ვიზიარებ, საქართველო და ვუსამძიმრებ ოჯახს მის გარდაცვალებას! ღმერთმა მოიხსენოს შენი სული!ამინ", - წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.

"ძმობა იყო და სიყვარული ჩემი კაკული", - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი.

იხილეთ ასევე: