ავტორი:

უკიდურესად ცივი და ექსტრემალური ზამთარი ევროპაში - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას: სად რა ვითარებაა

უკიდურესად ცივი და ექსტრემალური ზამთარი ევროპაში - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას: სად რა ვითარებაა

ევროპას ექსტრემალურ ამინდთან უწევს გამკლავება - ზოგი ქვეყანა დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის, ზოგი კი მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურას.

დიდ ბრიტანეთში, ნოტინჰემშირის რეგიონში მდინარე ტრენტი ადიდდა. ხელისუფლების განცხადებით, მდინარის დონე, შესაძლოა, რეკორდულ სიმაღლეს მიუახლოვდეს. ხუთშაბათს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმა და ქარი დაფიქსირდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქარიშხალმა სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დიდ ბრიტანეთში, კუნძულ უაიტზე დაფიქსირდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 151 კილომეტრს აღწევდა.

ძლიერმა ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილებში, რის შედეგადაც ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლების ბრძანებით 370-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უამინდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივი წყალდიდობა იყო გერმანიაში. დასავლეთ რუსეთი კი ციმბირიდან და არქტიკული რეგიონიდან შემოსულმა ცივი ჰაერის ტალღამ მოიცვა, მოსკოვში და სხვა რაიონებში ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცა.

არქტიკულმა აფეთქებამ რეკორდულად დაბალი ტემპერატურა მოიტანა სკანდინავიის ქვეყნებში, მათ შორის ჩრდილოეთ შვედეთსა და ფინეთში. უკიდურესად ცივმა ტემპერატურამ, თოვლმა და ძლიერმა ქარმა შეაფერხა ტრანსპორტირება, დაიხურა რამდენიმე ხიდი და სკოლა, შეჩერდა მატარებლის მოძრაობა.

ჩრდილოეთ შვედეთში, ოთხშაბათს -43,6 გრადუსი ცელსიუსი (-46,4 ფარენჰაიტი) დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში 1887 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. თოვლის ნაკადმა სერიოზული პრობლემები შექმნა გზებზე.

ფინეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ენონტეკიოს მუნიციპალიტეტში ტემპერატურა -42,4 გრადუს ცელსიუსამდე (-44,3 ფარენჰაიტი) დაეცა. ქვეყნის ჩრდილოეთით, ქარბუქში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.

დანიის პოლიციამ მძღოლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ზედმეტ მოგზაურობას. ნიდერლანდებში კი ქარიშხალს 75 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.