ავტორი:

25 წლის ქალი საკურორტო ზონებში სხვის ბინებს თავისად ასაღებდა, ქირის თანხას წინასწარ იღებდა და ადგილზე ჩასულ დამსვენებლებს უბინაოდ ტოვებდა - დაწყებულია გამოძიება

25 წლის ქალი საკურორტო ზონებში სხვის ბინებს თავისად ასაღებდა, ქირის თანხას წინასწარ იღებდა და ადგილზე ჩასულ დამსვენებლებს უბინაოდ ტოვებდა - დაწყებულია გამოძიება

"მთავარი არხი" თაღლითური სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც საკურორტო ზონებში ბინების გაქირავებას ეხება. კერძოდ, ტელეკომპანიის ინფორმაციით, 25 წლის ქრისტინე მაჩიტაძე დასვენების მსურველ მოქალაქეებს იმ ბინებს აჩვენებდა, რომელიც რეალურად სხვას ეკუთვნოდა. ასევე მეტი სანდოობისთვის თანხას წინასწარ არიცხვინებდა. აღსანიშნავია, რომ ფულის გადარიცხვა ყოველ ჯერზე სხვადასხვა პირის ანგარიშებზე ხდებოდა. წინასწარ ჩასარიცხი თანხა 150 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობდა.

დასვენების მსურველები, რომლებმაც თანხა წინასწარ დარიცხეს, ახალი წლის ღამეს ქუჩაში აღმოჩნდნენ. ასეთი დაახლოებით, 9-10 ოჯახია.

"სრულიად შოკირებულია ყველა. არა მხოლოდ ბაკურიანის, გუდაურსა და ბათუმშიც აქირავებდა ბინებს. რამდენიმემ მეც მომწერა სოციალურ ქსელში, უი, შენც მოგატყუაო? არიან დაზარალებულები, რომლებსაც კოტეჯებში აქვთ გადახდილი 400-600 ლარი და რეალურად ქუჩაში დარჩნენ. ვნახე სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2021 წელს დაწერილი კომენტარები ამ გოგონაზე, სადაც წერდნენ, რომ მომატყუე და ასე შემდეგ" - ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული.

დაზარალებულთა ნაწილი თანხის დაბრუნებას საკუთარი ძალებით ცდილობს, ნაწილმა კი სამართლებრივი დავა დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, კონკრეტულ საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.