ავტორი:

"ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს და ამ ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ... ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ" - მალხაზ ასათიანი

"ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს და ამ ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ... ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ" - მალხაზ ასათიანი

მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა matchtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

- ახლა რუსულ ფეხბურთს თვალს ადევნებთ?

- რუსეთის კლუბების მატჩებს იქამდე ვუყურებდი, ვიდრე ევროტურნირებიდან არ მოკვეთეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამიტომ ამჟამად რუსულ ფეხბურთს თვალს ნაკლებად ვადევნებ.

ჩვენი მეგობარი ლუკა გაგნიძე "დინამოში" თამაშობს. ის, ისევე, როგორც მე, ქუთაისელია. ერთი რაიონიდან ვართ. ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს, თავად ლუკა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. განვიცდით და ვგულშემატკივრობთ მას.

ცუდია, რომ რუსულ კლუბებს ევროპაში ასპარეზობის უფლებას არ აძლევენ. მიმაჩნია, რომ სპორტში პოლიტიკის ჩარევა სამართლიანი არაა. აქამდე მრავალი ქვეყანა იყო ჩართული შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ იმავე ამერიკელ სპორტსმენებს არასოდეს არ უკრძალავდნენ საერთასორისო ტურნირებზე მონაწილეობას. ეს ხომ სპორტია - ის ისეთივეა, როგორც ხელოვნება, შეუძლია ქვეყნები და ხალხი დააახლოოს და შეარიგოს. ეს მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

- ახლა საქართველოში რუსეთის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა?

- რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ხალხს შეიძლება სახელმწიფოების მთავრობების მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, თუმცა არა - ერთმანეთისადმი. ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები. ადამიანურ ურთიერთობებში პოლიტიკამ მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს, ისევე, როგორც სპორტში...ინტერვიუ წაიკითხეთ სრულად sportall.ge

ვინ არის მალხაზ ასათიანი?

მალხაზ ასათიანმა კარიერა მშობლიური ქუთაისის და საერთოდ ქართული ფეხბურთის ერთ–ერთ ფლაგმან ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. თავდაპირველად მალხაზი გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა „ტორპედოს“ მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც ათამაშებდნენ. ასათიანმა 2000–2001 წლების სეზონი ჩინებულად ჩაატარა. „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პირველ მატჩში ჩრდილო ირლანდიურ „ლინფილდთან“ მალხაზი ჩინებულად გაისარჯა, ხოლო მეორე ეტაპზე დანიურ „კოპენჰაგენთან“ მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ის შეხვედრა ფრედ, 1–1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში „ტორპედო“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 2002 წელს კი სწორედ ასკას გოლმა თბილისის „დინამოს“ კარში საკუთარ გუნდს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოუტანა.

მალხაზ ასათიანი შემდეგ სეზონშიც აგრძელებდა წარმატებულ თამაშს და მალე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. 2003 წელს მალხაზმა კარიერის რუსეთში გაგრძელება გადაწყვიტა. რკინიგზელთა იმდროინდელმა მწვრთნელმა ნახევარმცველ მალხაზ ასათიანს დაცვის ცენტრში მიუჩინა ადგილი, რასაც ასათიანმა შესანიშნავად გაართვა თავი, იგი უნივერსალობით გამოირჩეოდა. 2007–2008 წლებში „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა, ყველაში ყვითელი ბარათი მიიღო, გაიტანა 2 გოლი. 2008 წელს კლუბმა კიევის „დინამოში“ გაანათხოვრა, 2008–2009 წლების სეზონში ასათიანმა „დინამოს“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. 2009 წელს კი იგი ლოკომოტივში დაბრუნდა და მოსკოველთა მაისურით 36 უგოლო მატჩი ჩაატარა.წყარო