რუსები ადგილობრივი წარმოების რუსული ღვინის შემდეგ ყველაზე ხშირად ქართულ ღვინოს მოიხმარენ. ამის შესახებ ღვინის სკოლა LenWine-ის კვლევაში წერია, რომელმაც გამოკითხვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სამომხმარებლო ბაზრის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩაატარა.
LenWine-ის ამოცანა რუსეთში ღვინის მოხმარების კულტურის თავისებურებების გარკვევა იყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი ცალკე არის დასახელებული.
კვლევის მიხედვით, ქვეყნები, რომლის ღვინოსაც რუსები ყველაზე ხშირად ყიდოლობენ და მოიხმარენ, ასეთია:
რუსეთი - 55%
საქართველო - 22%
აფხაზეთი (საქართველო) - 17%
იტალია - 12%
საფრანგეთი - 11%
აფხაზეთს ჩათვლით საქართველოს მთლიანი მაჩვენებელი 39%-ია, რაც იტალიისა და საფრანგეთის ერთობლივ მაჩვენებელზე, ანუ 23%-ზე გაცილებით მეტია.
გამოკითხვა გასული წლის 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. კველვის ავტორებმა 100 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებში მცხოვრები 18-დან 60 წლამდე ასაკის 1,2 ათასი რესპონდენტი გამოკითხეს. ასევე, მოსკოვში ორი „ოფლაინ“ ფოკუს-ჯგუფი შეიქმნა, რომლის 30-50 წლის ასაკის მონაწილეებიც ღვინოს სხვადასხვა ფასების კატეგორიაში ყიდულობდნენ. განაგრძეთ კითხვა