ავტორი:

ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი, ვისი ხატიც სკანდალად იქცა და მითი, რომლის თანახმადაც, მოსკოვის დაცვისას, სტალინი მისი კურთხევით მოქმედებდა

ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი, ვისი ხატიც სკანდალად იქცა და მითი, რომლის თანახმადაც, მოსკოვის დაცვისას, სტალინი მისი კურთხევით მოქმედებდა

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელზეც რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ მატრონასთან ერთად საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული. მისი თქმით, ხატი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო განთავსებული.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა სამების ტაძარში გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მართლაც იოსებ სტალინია გამოსახული. სამებაში განთავსებული ხატი ძალიან ჰგავს რუსეთში შექმნილ ხატს, სახელწოდებით, ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს. ხატი ანალოგიური სიუჟეტით, თავდაპირველად, 2008 წელს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ეკლესიაში გამოჩნდა.

ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა.

ამ საკითხს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:

"მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს.

ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც".

იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.

თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მითი სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ, არადა, რეალურად საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლად სწორედ რელიგიები და მათი მიმდევრები იქცნენ.

  • ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი?

მატრონა მოსკოველი (მატრონა ნიკონოვა - 1885 - 1952) გახლავთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. ნეტარი მატრონა სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი.

ის რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში დაიბადა. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო. როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხვა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. 1915 წელს მატრონამ შეკვეთით დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით ”დაღუპულთა მომძიებელი”. მატრონა ამ ხატს არასდროს განშორებია და ყველგან თან დაჰქონდა. ნათელმხილველი გოგონა გრძნობდა რევოლუციის მოახლოებას და უამრავი ხალხის დაღუპვას წინასწარ განიცდიდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს გაუვლია. 1925 წ. მატრონა მოსკოვში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებოდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მილიცია მატრონას დაპატიმრებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მისი ახლობელი დააპატიმრეს და გაასამართლეს. როგორ ამბობენ, მილიციის მოსვლას მატრონა წინასწარ გრძნობდა და ყოველთვის დროულად გადადიოდა სხვა ბინაში. ნეტარმა მატრონამ დევნის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ნეტარი მატრონას დევნა გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. გადმოცემის თანახმად, ომის დროს მასთან რჩევის მისაღებად მივიდა თვით სტალინიც.

  • მითი ნეტარ მატრონასა და სტალინზე

არსებობს მითი, რომლის თანახმადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მოსკოვს გერმანელების მიერ აღების საფრთხე დაემუქრა, იოსებ სტალინი წმინდა დედა მატრონასთან მივიდა, რა დროსაც მან უთხრა, რომ მოსკოვი არ უნდა დაეტოვებინა და გამარჯვება მას დარჩებოდა. სტალინის მომხრეთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ სტალინმა სწორედ წმინდა მატრონას რჩევით შემოატარა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი მტრით გარშემორტყმულ ქალაქს.

როგორც ამბობენ, წმინდა მატრონა ყველას ურჩევდა, არ დაეტოვებინათ მოსკოვი და დაბეჯითებით ამბობდა, - მოსკოვში მტერი ვერ შემოვაო... ის 1952 წელს გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, თავისი სიკვდილი მან 3 დღით ადრე იწინასწარმეტყველა. მისი კანონიზირება მოხდა 1999 წელს, სახელწოდებით: ნეტარი მატრონა მოსკოველი.

იხილეთ ასევე: