ავტორი:

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო"

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო"

თბილისში ფემიციდის მორიგი ფაქტი მოხდა. ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. კაცმა მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. ის ახლა კლინიკაშია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია. გარდაცვლილი ქალი 27 წელის ქეთევან ედიბერიძეა.

როგორც მოკლული ქალის ახლობლები გვიყვებიან, ედიბერიძეს 4 თვის შვილი დარჩა.

"ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ყველა შოკშია მომხდარით. როგორც ვიცი, დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი, რა მოხდა მათ შორის, არ ვიცი. 3-4 წელია, ცოლ-ქმარი არიან. თბილისში ქირით ცხოვრობდნენ. 4 თვის შვილი დარჩათ. საშინელება ტრიალებს" - ამბობს მოკლულის ახლობელი.

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილია.

როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.

"დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი-ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: