ავტორი:

გასაიდუმლოებული შეხვედრა უკრაინის თაობაზე ელ-რიადში - რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი?

გასაიდუმლოებული შეხვედრა უკრაინის თაობაზე ელ-რიადში -  რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი?

უკრაინისა და მისი მოკავშირე "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების წარმომადგენლებსა და ე.წ. გლობალური სამხრეთის სახელმწიფოთა მცირე ჯგუფს შორის ელ-რიადში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქში გასული წლის 16 დეკემბერს შედგა, რასაც წინ უძღოდა უფრო ფართო დისკუსიები.

დისკუსიის გასაიდუმლოება ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ მონაწილეებს თავი უფრო კომფორტულად ეგრძნოთ. მცირე ფორმატი, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, უკრაინული "მშვიდობის ფორმულისა" და მისი განხორციელების საშუალებების თავისუფალი და გულწრფელი განხილვის საშუალებას იძლეოდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ელ-რიადის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა: უკრაინა და G7 კვლავ ეწინააღმდეგებიან "გლობალური სამხრეთის" მოწოდებებს რუსეთთან უშუალო მოლაპარაკების შესახებ. მონაწილეებთან დაკავშირებით სააგენტო წერს, რომ დეკემბრის შეხვედრას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები ინდოეთიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან, ხოლო "გლობალური სამხრეთის" სხვა სახელმწიფოებმა, კერძოდ, ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარმომადგენლები არ გაგზავნეს.

გარდა ამისა, პეკინი შეხვედრის მონაწილე ბევრი ქვეყნის მიერ განიხილება, როგორც მოსკოვზე გავლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი - რუსეთსა და ჩინეთს შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით.

კიევმა და მოკავშირეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს მათი პოზიცია, რომ ნებისმიერი სამართლიანი მშვიდობა უნდა შეესაბამებოდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების დასაწყებად აქამდე არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს.

"შვიდეულის" წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ დარწმუნებული არიან კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმების წარმატებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოში პუბლიკაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს უკრაინისა და საუდის არაბეთის მთავრობებმაც.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გასულ სექტემბერს, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ თავისი ინტერესების გათვალისწინებით. მოსკოვმა უარყო კიევის წინადადება დიალოგის "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე წარმართვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.