ავტორი:

"ახლახან ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანე საქართველოში, 10 წლის შემდეგ, მანამდე ვეხვეწებოდი ხოლმე და არ მომყვებოდნენ..." - თემურ ქეცბაია

"ახლახან ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანე საქართველოში, 10 წლის შემდეგ, მანამდე ვეხვეწებოდი ხოლმე და არ მომყვებოდნენ..." - თემურ ქეცბაია

საქართველოში ახალი პროექტი - "ლეგენდების სერია“ (Legend Series) იწყება.

"ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი, Sports Orient-თან პარტნიორობით, 2024 წლის მარტში გაიმართება - ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს "ლეგენდების ნაკრები“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის, მილანის "ინტერის“ ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდება.

GEO 11-ის შემადგენლობაში ითამაშებენ, შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია. "ინტერის“ ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ "ოქროს ბურთის“ მფლობელი, ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო, რომელიც იმ "ტრებლის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელიც "ინტერმა“ 2010 წელს მოიგო.

ამის თაობაზე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელშიც მომავალ მატჩზე შოთა არველაძესთან ერთად ლაპარაკობს.

"გულშემატკივარი ძალიან გაიხარებს, როცა საქართველოს ვეტერანთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა გამოქვეყნდება. მარტო ის არ არის, რომ "ინტერი" ჩამოდის და ამიტომ მოვიდეთ სტადიონზე. მოედანზე იქნებიან ის ფეხბურთელებიც, ვინც ჩვენ საფეხბურთო ისტორიაში წვლილი შეიტანეს და კვალი დატოვეს", - ამბობენ ფეხბურთელები.

"ამხანაგური თამაში იქნება, სისწრაფეები რა გითხრათ, მაგრამ ერთ-ორ კაცს ხომ მოატყუებ...", - ეუბნება ვიდეოში შოთა არველაძე ქეცბაიას, რომელიც ამატებს, - ფეხბურთს გავიხსენებთო.

"თუ რამე აკლია საქართველოს, თბილისს, ეს ფეხბურთია. სხვა ყველაფერი გვაქვს, ამდენი ტურისტი ჩამოდის და აქაურობა ისე მოსწონს, იმაზე ოცნებობს კიდევ როდის ჩამოვა აქეთ. ახლახან მე ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანე საქართველოში, 10 წლის შემდეგ, მანამდე ვეხვეწებოდი ხოლმე და არ მომყვებოდნენ, ახლა რომ ნახეს, როგორ არის აქაურობა შეცვლილი, შინ სულ ამაზე გვაქვს ლაპარაკი, ამბობენ, როდის წავიდეთ უკანო..." - ამბობს ვიდეოს დასასრულში თემურ ქეცბაია.

თემურ ქეცბაია წლებია კვიპროსზე ცხოვრობს. ვეტერან ფეხბურთელსა და მწვრთნელს, მეუღლე კატერინა ქეცბაია და ქალიშვილი ლიდა ჰყავს. ოჯახის შესახებ ქართველი სპორტსმენი ინტერვიუებში თითქმის არასოდეს საუბრობს. ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაიას შვილი დაოჯახდა.

იხილეთ ასევე: