სომალის შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბაბმა" გაეროს ვერტმფრენი მგზავრებთან და ეკიპაჟთან ერთად გაიტაცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვერტმფრენი ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სომალის ცენტრალურ ნაწილში დაეშვა. არსებული ცნობით, ვერტმფრენი, რომელსაც რვა მგზავრი გადაჰყავდა, აიძულეს ავარიული დაშვება განეხორციელებინა, ზოგიერთი წყარო კი ამტკიცებს, რომ დაშვება შეცდომა იყო.
"ალ-შაბაბი" სომალიში დაფუძნებული ისლამური ფუნდამენტალისტური დაჯგუფებაა. 2006 წლიდან მოყოლებული ტერორისტული დაჯგუფების ტერაქტებს სომალიში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დამხობაა. შეიარაღებული დაჯგუფება ალ-შაბაბი ტერიტორიის დიდ ნაწილს სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში აკონტროლებს.