ავტორი:

"ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილიაო და არ უნდა იცოდეს, რადგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოს" - რას ამბობს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილიაო და არ უნდა იცოდეს, რადგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოს" - რას ამბობს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.

  • მისი თქმით, გიორგი კავლელაშვილთან დეტალურად ჯერჯერობით არ უსაუბრია.

"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის დეტალებზე ახლა ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ, რომ ჯერ დეტალურად არც გვისაუბრია. მოგეხსენებათ, გუშინ, ექიმის რეკომენდაციით მასთან საუბარი შესაძლებელი არ იყო.

თვითონაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. დანარჩენი კი, მის ფსიქიკურ შერაცხადობასთან, ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი, ასევე, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები და საბოლოო ჯამში, ამის შემდეგ დადგინდება რეალობა", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

  • ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.

"ექიმმა თქვა ასე - არ იცის, რომ გარდაცვლილიაო და არ უნდა იცოდესო, იმიტომ, რომ შეიძლება მიიყენოს დაზიანებები და არის საშიში და საფრთხის მომცველიო", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

მისი თქმით, საქმეში ჩვენებები დევს, მათ შორის ბრალდებულის მამის, მოწმეების და მეზობლების. ადვოკატის განმარტებით, ფაქტის შემსწრე არავინ არის.

"მეზობლებთან თვითონ მივიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სასწრაფო მეზობლების მიერ არის გამოძახებული. [ბრალდებულის] მამა არ შესწრებია ფაქტს, სახლში იყო, სხვა ოთახში იყო, ეს არის ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი მდინარაძემ და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით კონფლიქტზე არავინ საუბრობს.

  • გიორგი კავლელაშვილს, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო, შესაბამისად სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუცხადა, მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის

მიმართა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

"გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით გამოვიყენე პატიმრობა, მოგეხსენებათ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვალე საქმეზე არსებობდა, როგორც მტკიცებულებითი ისე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი ეს არის მინიმალური სტანდარტი, რასაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა. ფორმალურ საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებში მოკლედ გეტყვით, დეტალებში აღარ მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. ამაზე დეტალებში ვეღარ ვისაუბრებ, ეს სამი საფრთხე არსებობდა, რაც იშუამდგომლა ბრალდების მხარემ, გავიზიარე. [ბრალდებულის] მისი პოზიცია იყო ის, რომ დაეთანხმა, ცდილობდა რაღაც თავის მორალურ პასუხისმგებლობას, აქედან გამომდინარე საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია დაცვის მხარეს. ჩემამდე უკვე ინფორმირებული იყო, [რომ მისი მეუღლე მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა]”, - განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.

შეგახსენებთ, ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.