ავტორი:

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა სულ ბოლოს გავიდნენ ყინულზე. მათზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, ახალგაზრდებმა შეცდომები დაუშვეს და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდნენ, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ასეთი დიდი ტურნირის დებიუტანტები არიან.

მოგეხსენებათ, 10-დან 14 იანვრის ჩათვლით ლიეტუვას ქალაქ კაუნასში იმართება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ასპარეზობის პირველ დღეს ყინულზე გავიდნენ სპორტული წყვილები და ვაჟები. საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა შთამბეჭდავად გამოვიდნენ და მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულით პირველ ადგილი დაიკავეს. ისინი ლიდერობდნენ 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის.

როგორც აღვნიშნეთ, ანასტასიასა და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. ამასთანავე, ჩვენი წყვილი 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს, იტალიელ სპორტსმენებს, სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის 10 ქულით უსწრებდნენ თავისუფალი პროგრამის წინ. თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ და ლუკამ მე-5 შედეგი აჩვენეს, თუმცა ორივე გამოსვლის ჯამით მე-2 ადგილზე გავიდნენ.

საჩემპიონო პედისტალზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავასთან ერთად ავიდნენ: ოქროსმედალოსანი ლუკრეცია ბეკადი და მატეო გუარიზიე (იტალია) და მესამეადგილოსანი რებეკა ჯილარდი და ფილიპო ამბროზინი.

10 იანვარს მოკლე პროგრამებით იასპარეზეს მამაკაცებმაც. 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 77.00 ქულით ჯერჯერობით მე - 10 ადგილზეა. თავისუფალი პროგრამა გაიმართება 12 იანვარს.

11 იანვარს ყინულზე ასევე გავიდნენ ქალთა კატეგორიის მოციგურავეები, მათ წარმოადგინეს მოკლე პროგრამა. საქართველოს სახელით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის შარშანდელმა გამარჯვებულმა და საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა ანასტასია გუბანოვამ. ის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-3 ადგილს იკავებს. კიდევ ერთი მოციგურავე ალინა ურუშაძე კი 33 სპორტსმენს შორის შევიდა იმ 24 მოციგურავეთა რეიტინგში, ვინც იასპარეზებს თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გაიმართება შაბათს, 13 იანვარს.

  • ნახეთ ანასტასიას და ლუკას მოკლე პროგრამა