ავტორი:

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?!. ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები" - ინაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის გამო არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?!. ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები" - ინაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის გამო არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს

მატრონა მოსკოველის ხატმა, რომლეზეც სტალინი იყო გამოსახული და მასზე საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ, ხატი გადაწერონ, ახლა უკვე პრორუსულ, "კონსერვატიულ ფლანგსა“ და რელიგიურ წრეებს შორის შეიტანა განხეთქილება. ჯერ იყო და "ალტ-ინფოს“ წევრმა ვიდეობლოგერმა საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი "ეკლესიის მტრების გახარებასა“ და "ლიბერალების წახალისებაში“ დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა, ახლა კიდევ "პატრიოტული ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს არ მოეწონა არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის განცხადება, რომ - ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვისო, რისთვისაც შენდობა ითხოვა.

"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან," - წერს "ფეისბუქში" არქიმანდრიტი, რასაც ინაშვილი ასე ეხმაურება:

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! თქვენ და არც არავის არაფერი დაგვიშავებია, ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული, ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები, სააკაშვილის დრო დაბრუნდა?! თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ფანჯრიდან. ასეთი მართლა რა მოხდა, რომ საჯაროდ შენდობას ითხოვთ?!

ამათი შიშით აღარ ვისუნთქოთ?! ესენი ნეობოლშევიკები არიან, ამათ ზეიმს როგორ უნდა შევუწყოთ ხელი?! მორწმუნე საზოგადოება ღელავს არა იმიტომ, რომ ტაძარში ხატი შებრძანდა, არამედ იმიტომ, რომ აშკარად ხედავს უსამართლო დათმობებს. გავიგეთ, რომ საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. თუმცა, მშვიდობა უკვე იყო და ეს, რატომღაც, ვერ გააცნობიერეს საპატრიარქოში და როცა მტერი დამარცხდა, მაშინ გამოვიდა, რომ მტერს კოჭი გაუგორეს და გააცოცხლეს ის. ჩვენ გვესმის მოტივაცია. საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. ამ გადაწყვეტილებამ მშვიდობა სულაც არ მოიტანა, მრევლი პირიქით გააღიზიანა, მაგრამ მაზიარებლები ვართ და დავემორჩილეთ. ახლა არც თქვენ არაფერი დაგიშავებიათ და არც არავის და შენდობას რაღაზე ითხოვთ, გამაგებინეთ?! დამიჯერეთ, ამდენი უკანდახევა ვერავის ვერ გაახარებს".