ავტორი:

"ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ -  თაკო ჩარკვიანი

"ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ -  თაკო ჩარკვიანი

გააკეთოს ახლა ნიკა მელიამ ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს, როგორ წაიღებს მაგასაც ვნახავ, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი იქნება, შუა ოპოზიციურ ხმებს ვერ წაიღებს.

"მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწადნახევარია თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა როგორც ვიცი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, რადგან "მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება“.

"ვერ დაძრეს ადგილიდან "ნაციონალური მოძრაობის“ სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, "ლელოსა“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ისინი არა "ოცნების“ დამარცხებისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

"ახლა ბრძოლა იმაზე კი არ მიდის ვინ გაიმარჯვებს "ქართულ ოცნებასთან“, ახლა, ბრძოლა მიდის, რომ მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს და იყოს რომელიმე მათგანი -"ლელო“ ან გახარიას პარტია. მეორე ადგილისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა, ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი სხვა დანარჩენი. საზოგადოებას კიდევ არ სჭირდება ახალი მინი-ოლიგარქი. ხაზარაძის საოჯახო ფონდიღა აკლდა საქართველოს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, დამოუკიდებლად აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ შესაძლებელია გიხილოთ "ნაიცონალური მოძრაობის" სიაში, თაკო ჩარკვიანი პასუხობს: "არ მინდა ახლა ყველაფერზე ლაპარაკი, ალბათ, ხვდებით, რომ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს".