ავტორი:

“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე

“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო დაზვერვის სამსახური, სმერში აღადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა.

  • ზაბაიკალის ოლქის დეპუტატის აზრით, "საბჭოთა სტრუქტურა ეფექტიანი იქნება რუსეთის რეგიონებში".

"ვესაუბრებოდი შორეულ აღმოსავლეთს, სადაც ატომური წყალქვეშა გემები გვყავს. იქაც კი შეიძლება საფრთხე გვემუქრებოდეს, ამიტომ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ თავდაცვის საკითხებს“, - ამბობს დეპუტატი.

პარლამენტარი ასევე თვლის, რომ რუსული სპეცსამსახურები ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა ხარვეზები მაინც არის. გასული წლის ივნისში გურულევმა აღნიშნა, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში საჭირო იყო სმერშის, ან მსგავსი სტრუქტურის შექმნა, რომელიც წესრიგს დაამყარებდა.

  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, "ტელეგრამში" სახელით "სმერში" რამდენიმე არხი და ბოტი გაჩნდა. მათი სპეციფიკა - დასმენაა:

აღნიშნულ ტელეგრამ-არხებში, რომელსაც საბჭოთა კავშირის კონტრდაზვერვის პატივსაცემად სმერში დაარქვეს, ყველაზე ხშირად იმ ადამიანებზე წერენ, რომლებიც "სპეცოპერაციის“ მოწინააღმდეგეები არიან.

მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში რუსმა ძალოვნებმა ფეოდოსიის მკვიდრი დააკავეს. მას სოციალურ ქსელ Vkontakte-ში უკრაინული ჯგუფის, "Антитела-ს“ ვიდეორგოლი, "Фортеця Бахмут“ ჰქონდა გაზიარებული. ის პირდაპირ მაღაზიაში, შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს.

კლიპში, რომელსაც ყირიმელი აზიარებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმბოლიკა ჩანდა. ქალი 2 დღით დააკავეს. მოგვიანებით ტელეგრამზე არხმა "Крымский СМЕРШ-მა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქალი ბოდიშებს იხდიდა.

2023 წლის ოქტომბერში ძალოვნებმა ორ ყირიმელ ბიზნესმენს ლექცია წაუკითხეს. ისინი ნოვოფედოროვკის ბარში პროუკრაინულ ლოზუნგებს გაიძახდნენ.

"Крымский СМЕРШ-ს“ 40 000 გამომწერი ჰყავს. აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის: "რუსოფობების, უკრაინელი ნაცისტებისა და სამშობლოს მოღალატეების“ რეესტრი.

  • 2023 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დროინდელ კონტრდაზვერვის სამსახურს, სმერშის აღდგენაზე ბრიტანული დაზვერვაც წერდა.

"რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, აღადგინა საბჭოთა დაზვერვის დანაყოფი სმერში, - წერდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო X-ზე (Twitter).

უწყებამ აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლოს რუსი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ საბჭოური კონტრდაზვერვის დანაყოფი სმერში აღდგებოდა. 2024 წელს კი გავრცელდა სურათები, სადაც ჩანდნენ ადამიანები, სავარაუდოდ ოპერატიული თანამშრომლები, რომლებსაც სმერშის ნიშნები ეკეთათ.

ბრიტანულ დაზვერვაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს დანაყოფი რაიმე ახალ შესაძლებლობებს თუ მისცემს რუსულ კონტრდაზვერვას.

  • რას აკეთებდა სმერში მეორე მსოფლიო ომის დროს?

ორგანიზაცია სმერში ("სიკვდილი ჯაშუშებს“) საბჭოთა კავშირის კონტრდაზვერვის სტრუქტურაში შედიოდა. ასეთი დასახელება იოსებ სტალინმა მოიფიქრა. სტრუქტურა 1943-1946 წლებში ფუნქციონირებდა. მისი მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აბაკუმოვი იყო, რომელიც სამხედრო კონტრდაზვერვას ომის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა.

დანაყოფი გერმანელ დივერსანტებს, აგენტებსა და პროვოკატორებს ებრძოდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ შემთხვევებზე, როდესაც სმერშის წარმომადგენლებმა ადამიანები სასამართლოს გარეშე დახვრიტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც წითელი არმია ბერლინს უახლოვდებოდა, სმერშის ოპერატიულმა თანამშრომლებმა მკვდარი ჰიტლერი ბუნკერში აღმოაჩინეს.

1946 წელს კონტრდაზვერვა სმერშმა არსებობა შეწყვიტა - მისი თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე