ავტორი:

"ასე მეხატება და აბა, რა გითხრათ?!" - სევდანარევი სიხარული, სათუთი მოგონებები და ემოცია, რომლის გამოც მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს: ნინო ჩაკვეტაძის ზღაპრული სამყარო

"ასე მეხატება და აბა, რა გითხრათ?!" - სევდანარევი სიხარული, სათუთი მოგონებები და ემოცია, რომლის გამოც მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს: ნინო ჩაკვეტაძის ზღაპრული სამყარო

მისი ნამუშევრები ყველაზე მეტად თითქოს ახალი წლის, შობის დღესასწაულს უხდება. მისთვისაც გამორჩეულია ეს პერიოდი და ამისთვის ყოველ წელს საგანგებოდ ემზადება.

ფერმწერ, ილუსტრატორ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებს ბევრი სითბო, სინაზე, მონატრება, ზრუნვა, სიყვარული და სევდაც ახლავს... პირადად ჩემთვის, მისი ნამუშევრების დათვალიერება ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.

მხატვარი არაერთხელ გამოიფინა ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენებზე თბილისში და საქართველოს ქალაქებშიც. მისი ნახატები არის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის კერძო კოლექციებში. 2014 წელს ნინო ჩაკვეტაძე, როგორც ილუსტრატორი, წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრიზის კანდიდატად.

ნინო ჩაკვეტაძე:

- რაც თავი მახსოვს, ვხატავ და თან სულ მიყვარდა ხატვის პროცესი. ასევე მიყვარდა ეზოში თამაში და თუ ეზოში არ იყო სათამაშო სიტუაცია, ან ბავშვები არ იყვნენ, ხატვისას არ მოვიწყენდი. პირველი ნამუშევარი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა სახლში დედას შენახული აქვს 4-5 წლის ასაკში ჩემი ფანქრით და ფლომასტერით დახატული. აკვარელით ხატვა მაშინ დავიწყე და ვისწავლე, როცა უკვე პროფესიაზე დავიწყე ფიქრი.

15 წლიდან იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში გადავედი, სადაც სწავლა მერვე კლასის შემდეგ გავაგრძელე. იმ პერიოდში ნატურმორტებს, პორტრეტებს, ნატურას - ყველაფერს ვხატავდი, თავისუფალი თემებიც გვქონდა. ის ნამუშევრები მაქვს კიდეც შემონახული. დიდი დრო ეთმობოდა ისევ ბავშვობის და მოხუცების თემას.

- გამოდის, თქვენს ნამუშევრებში თემატიკა არ შეცვლილა?

- ასე გამოდის. მერე სამხატვრო აკადემიაში ფერწერაზე ვსწავლობდი. 1990 წელს ჩავაბარე და სწორედ მაშინ დაიწყო მძიმე პერიოდი, თუმცა ნიკოლაძის სტუდენტობა უფრო კარგად შევიგრძენით თავის ექსკურსიებით, პრაქტიკებით... მერე კი, ეს ყველაფერი მძიმე წლებიდან გამომდინარე, 90-იანებში უკვე აღარ იყო. ის, ჩემმა თაობამ, მანამდე მოვასწარით.

- პედაგოგად თქვენს საქმეში ვის მიიჩნევთ?

- ბევრი კარგი პედაგოგი მყავდა, მაგრამ რადგან ერთი უნდა დავასახელო, ჩემთვის გამორჩეული პედაგოგი ავთო პოპიაშვილი იყო. "ნიკოლაძეშიც“ მასწავლიდა და მერე აკადემიაშიც. მხოლოდ ხატვის სწავლის მხრივ არა, ზოგადად ბევრი რამ მოგვცა - რაღაცების სხვანაირად აღქმა, დანახვა, შეფასება, ძეგლების სიყვარული. ძეგლების სანახავად დავყავდით, თბილისთან თუ რამე ახლო-მახლო იყო, ყველაფერი შემოგვატარა. ჩვენი პროფესია მეტად შეგვაყვარა. თვითონაც თავდადებული მხატვარი იყო, თავის საქმე ძალიან უყვარდა. მასთან ურთიერთობა კარგ მოგონებად დამრჩა.

- თქვენც ხომ ეწეოდით პედაგოგიურ საქმიანობას...

- კი, ვასწავლიდი, მაგრამ ამ საქმეში იმდენად ბოლომდე ვიხარჯებოდი და ბოლომდე ვდებდი საკუთარ ენერგიას და ყველაფერს, რომ მერე უკვე მიჭირდა ჩემი შემოქმედებისთვის დრო დამეთმო. პედაგოგობა კარგი საქმეა, მაგრამ რთული.

- და ხატვამ დაიკავა დიდი ადგილი თქვენს ცხოვრებაში. ძალიან საყვარელი პერსონაჟები და ნამუშევრები გაქვთ. მათ დიდი სითბო და ემოცია მოაქვს. ბევრია ახალი წლის, საშობაო თემაზე შექმნილი... თემას თავიდანვე ირჩევთ, თუ ხატვის პროცესში მოდის ყველაფერი?

- საერთოდ, ჩემზე გარემო და წელიწადის დროც მოქმედებს, ანუ რა ხდება გარეთ, ეს მნიშვნელოვანია. ახლა რომ ვიხსენებ, ზაფხულში მგონი ზამთარი არ დამიხატავს. როდესაც ზამთრის სეზონი ახლოვდება, ამ თემაზე ხატვა მაშინ მომინდება ხოლმე. ზაფხულში - ყვავილებს ვხატავ. ზოგადად ჩემთვის ძალიან საყვარელი თემატიკაა ახალი წელი.

ბავშვობიდან მახსოვს, რომ გამორჩეული დღესასწაული იყო - ნაძვის ხის და სახლის სადღესასწაულოდ მორთვა-გალამაზება. იმ რიტუალის დეტალები თბილად მახსოვს - ნაძვის ხის აწყობასთან ერთად, გოზინაყის გაკეთება, ამის გამო სახლში საოცარი სურნელი ტრიალებდა. ხშირად ემთხვეოდა, რომ ახალ წელს თოვლიც იყო ხოლმე. იქიდან გამოყოლილი მაქვს - დღესაც ისევე მიხარია ნაძვის ხის მორთა, იგივე შეგრძნებები მაქვს. გული ამ დროს სხვანაირად ძგერს.

- თბილისი და ვერა, უბანი სადაც გაიზარდეთ, როგორ გახსენდებათ?

- ბევრად მშვიდი იყო, დღევანდელთან შედარებით მეტი სიყვარული იგრძნობოდა. ქუჩაში რომ გავდივარ, რაღაცნაირად გაუცხოება მაქვს ხოლმე. ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა ახლაც არის, მაგრამ მაშინ ამას რაღაც სხვა ეშხი ჰქონდა. 1-ელ იანვარს ყოველთვის ბებიასთან მივდიოდით. იყო მეზობლების მოკითხვა. ისიც მახსოვს, იმ დღეებში ისეთი თოვლიც ყოფილა, ჩვენს დაღმართზე გემრიელად გვისრიალია. ეს ამბები 70-იან წლებში იყო.

- ასე ამბობენ, თუკი თბილისში სადმე პირველად მოდის ახალი წელი, ეს ნინო ჩაკვეტაძის გალერეაშიო. ამისთვის საგანგებოდ ემზადებით?

- კი, საგანგებოდ ვემზადები. იმ დღეს იქ ვიყავი, 2 ქალბატონი შემოვიდა და საკუთარი ნათქვამით თავი დამამახსოვრეს. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ თითქოს ბებიასთან მოვდივართო. გულაჩუყებულები იყვნენ...

- თქვენი ვინტაჟური გარემო ასეთ ასოციაციებს ნამდვილად ქმნის...

- კი, მრგვალი მაგიდა, ძველი ნივთები და ეს ჩანაფიქრშივე ასე მქონდა, როდესაც 8 წლის წინ გალერეა გავაკეთე. თავიდანვე, ამ პატარა, ერთ ოთხში მხოლოდ ნახატები არ იქმნებოდა საინტერესო. მაგიდას მერე სხვა ძველი ნივთი მოჰყვა და ისე გამრავლდა, უკვე დატევა უჭირს. საახალწლო სათამაშოებს რაც შეეხება, მათი შეგროვება რამდენიმე წლის წინ დავიწყე. მშრალ ხიდზეც შემიძენია, უჩუქებიათ, გამომიწერია კიდეც, რაღაც ჩემი ბავშვობის არის, რაღაც - მეუღლის ბავშვობის, სერიოზული კოლექცია გამოვიდა. გალერეაში ზოგი ამის სანახავადაც მოდის. ეს ჩემთვის დიდი შრომაა, მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებთ, ხანდახან შვილები მეხმარებიან. ყველა სათამაშო ისეთია, გაფრთხილება სჭირდება. მაგრამ სიხარულით და სიყვარულით ყოველ წელს ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ეს განწყობა ნამდვილად იგრძნობა. ჩვენც გვიხარია, გალერეაში მოსულ ადამიანებსაც.

- ზოგიერთისგან მსმენია, თქვენს ნამუშევრებზე უთქვამს - ცოტა სევდა ჭარბობსო... რას ეტყოდით მათ?

- თითოეული ადამიანი ხომ უნიკალურია, ყველას თავის აღქმა აქვს. ვიღაც ძალიან სევდიანად აღიქვამს, ვიღაცას - ამშვიდებს. ხომ არ შეიძლება ყველას მოეწონოს?! თუმცა ვთვლი, რომ სევდა ჩემს ნახატებში არის, როგორ არ არის. მარტო იმის გამო, რომ ყველას შეიძლება მოაგონდეს, საყვარელი ბებია და ბაბუა, რომელიც აღარ ჰყავს. ძალიან მენატრება ჩემი ბებია და ბაბუა, რომლებიც აღარ მყავს.

თუმცა ვიღაცის ნათქვამი ხანდახან ცოტა გადამეტებულად მეჩვენება, რომ ვაიმე, ძალიან დეპრესიული ნახატია და გააღიმეთ ეს ბავშვები... კი, ასეთი კომენტარი შეიძლება შემომხვდეს... ასე მეხატება და რა გითხრათ? - როგორც მინდა და ვხედავ, ისე ვხატავ. "ბავშვი უნდა იცინოდეს,“ როცა ვინმე ასეთ კომენტარს წერს, ნუთუ ვერ ხედავს, რომ ბევრ ბავშვს არ აქვს სასაცილოდ საქმე, ზოგს მაინც როგორი სადარდებელი აქვს - ბავშვთა სახლშია, ან შია, სცივა... მოკლედ, ჩემი ნახატები ვიღაცისთვის სევდაა და ვიღაცისთვის ბედნიერება, ლამაზი ზღაპარი...

- რას ამბობთ თქვენი ნამუშევრებით და თავისთავად პერსონაჟებით?

- ჩემი ნამუშევრებით ვამბობ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო, რაც სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ ნაწილს არ აქვს. რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოხატვა, თუნდაც ზრუნვა ცხოველებზე. ადამიანებმა ერთმანეთს მეტი სიკეთე, სიყვარული უნდა ვაჩუქოთ, ალბათ, ეს არის ჩემი სათქმელი.

უცნაურია, მაგრამ ხშირად უკითხავთ, თქვენ დედ-მამა არ გზრდიდათო? ჰგონიათ, რომ ძალიან დაჩაგრული ბავშვობა მქონდა... ამ დროს ზოგს რომ ჰგონია, სევდიანია, შეიძლება ჩაფიქრებულია?!

- როგორია 2024 წელს თქვენი სურვილები?

- დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს უნდა უნდოდეს მშვიდობა, რომ არ იყოს ომი, დაპირისპირება... იყოს ნაკლები გაჭირვება, ადამიანები ერთმანეთს არ ლანძღავდნენ და იმეტებდნენ. გასაგებია, შეიძლება, ბევრი რამ არ მოგწონდეს, მაგრამ ვერაფრით ვეგუები იმას, რომ გამეტებით შეუძლიათ თუნდაც სოციალური ქსელით ერთმანეთის ლანძღვა. მეტი სულიერება ყველას. ეს ნამდვილად გვჭირდება...