ავტორი:

ბრუნეის პრინცის 10-დღიანი ქორწილი 5000 სტუმრით - წვეულება, რომელიც ინტერნეტსენსაციად იქცა: ვინ არის "საერთაშორისო გულთამპყრობელის" არადიდგვაროვანი რჩეული

ბრუნეის პრინცის 10-დღიანი ქორწილი 5000 სტუმრით - წვეულება, რომელიც ინტერნეტსენსაციად იქცა: ვინ არის "საერთაშორისო გულთამპყრობელის" არადიდგვაროვანი რჩეული

ბრუნეის პრინცი აბდულ მატინი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში მისი გარეგნობისა და სამხედრო სამსახურის გამო, თუმცა ამჯერად მისი 10-დღიანი ქორწილი ხალხისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

  • ბრუნეის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა Rolls Royce-ში მსხდომი წყვილისთვის თვალი ერთხელ მაინც მოეკრათ.

აბდულმა არადიდგვაროვან ქალზე, იანგ მულია ანიშა როსნაზე ნიშნობის სიახლე დეკემბერში გაასაჯაროვა. ამ განცხადებამ ბევრი გააკვირვა და გაანაწყენა კიდეც, რადგან ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა.

  • პატარძალი ბრუნეის ლიდერის მრჩევლის შვილიშვილია და გავრცელებული ინფორმაციით, ის მოდისა და ტურისტულ კომპანიას ფლობს.

32 წლის პრინცმა და მისმა 29 წლის საცოლემ ცერემონია ისტანა ნურულ იმანის სასახლეში გამართეს, სადაც მათ 5 000 სტუმარს უმასპინძლეს. საუდის არაბეთიდან და იორდანიიდან მოწვეული სტუმრების გარდა, ცერემონიას დაესწრო ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და ფილიპინების ლიდერი ფერდინანდ მარკოს უმცროსი.

პრინცი მატინი, ფაქტობრივად, სოციალური მედიის ვარსკვლავია. მას "ინსტაგრამზე" 2.5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და არც "ტიკტოკზე" უჩივის თაყვანისმცემლების ნაკლებობას. ბევრი მათგანი მატინს "საერთაშორისო გულთამპყრობელს" ეძახის და ოჯახის შექმნის გამო მათი ოცნებების დამსხვრევაში ადანაშაულებს.

ქორწილი 7 იანვარს დაიწყო და პიკს კვირას გამართული დიდი ცერემონიით მიაღწია. 10-დღიანი ქორწილის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება პატარა და ნავთობით მდიდარი სასულთნოს ადგილობრივმა ტელევიზიებმაც გადასცეს.

პრინცი მატინი სულთნის მე-10 შვილია და უშუალოდ ტახტზე მემკვიდრეობის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მისი პოპულარობა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მის კარიერულ წინსვლაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა