ავტორი:

კრემლის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი გარდაიცვალა

კრემლის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი გარდაიცვალა

პუტინის კრიტიკოსი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი, რომელიც საბჭოთა "ანდერგრაუნდ" ლიტერატურის მთავარი ფიგურა იყო, კომაში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა. განცხადებას რუბინშტეინის ქალიშვილი ავრცელებს.

8 იანვარს 76 წლის პოეტს მანქანა დაეჯახა და სიკვდილამდე რამდენიმე დღე კომაში გაატარა.

"მამაჩემი, ლევ რუბინშტეინი, დღეს გარდაიცვალა", - წერს რუბინშტეინის ქალიშვილი მარია თავის ბლოგზე.

რუბინშტეინი ცნობილი იყო, როგორც კონცეპტუალისტური მოძრაობის თანადამფუძნებელი. 1970-1980-იან წლებში მან ხელოვნება გამოიყენა, რათა საბჭოთა ეპოქის ტრადიციული ნორმები დაერღვია და სოციალისტური რეალიზმის ოფიციალური დოქტრინა გაეკრიტიკებინა. რუბენშტეინი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეტევის წინააღმდეგაც ღიად გამოთქვამდა პროტესტს. ის რუსეთის მთავრობის ლგბტ უფლებების მიმართ დამოკიდებულებასაც აკრიტიკებდა.

სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფი Memorial-ი პოეტის გარდაცვალებას გამოეხმაურა: "რუბინშტეინი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დარჩა მოსკოვში. ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ გაუკეთებია. ეს მათ დასახმარებლადაც გააკეთა, ვისაც სიტყვების პოვნა უჭირდა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნა სურდა. ასე ცდილობდა ის, რომ ამ ადამიანებში პროტესტის გრძნობა გაეღვიძებინა",- წერია "მემორიალის" X-ზე გაზიარებულ განცხადებაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა