ავტორი:

ორქიდეა ვულკანის თავზე, სოკოები ანტარქტიდაზე, მიწისქვეშა პალმა და ა.შ. - მცენარეების და სოკოების 10 ახალი სახეობა, რომლებიც მეცნიერებმა 2023 წელს აღმოაჩინეს

ორქიდეა ვულკანის თავზე, სოკოები ანტარქტიდაზე, მიწისქვეშა პალმა და ა.შ. - მცენარეების და სოკოების 10 ახალი სახეობა, რომლებიც მეცნიერებმა 2023 წელს აღმოაჩინეს

2023 წელს ლონდონის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის მეცნიერებმა 75 ახალი მცენარე და 15 აქამდე უცნობი სოკო აღმოაჩინეს.

მკვლევარები ასევე გვაფრთხილებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხეზე.

BBC 10 ყველაზე საინტერესო აღმოჩენის შესახებ გიამბობთ:

1. სოკოს სამი ახალი სახეობა ანტარქტიდაში

ანტარქტიდაში თითქმის არაფერი იზრდება, თუმცა ლიქენები (ლათ. Lichenes), იგივე მღიერები მაინც ახერხებენ ფეხის მოკიდებას ყინულოვან-კლოდოვან გარემოში. ეს არიან ორგანიზმები, რომლებიც წარმოადგენენ სოკოსა და წყალმცენარეების ერთგვარ სიმბიოზს. ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას. სწორედ მათი ახალი 2 სახეობა იპოვეს ანტრაქტიდაში.

2. ვულკანის თავზე აღმოჩენილი ორქიდეა

ინდონეზიის კუნძულ ვაიგეოს ჩამქარალი ვულკანის მწვერვალზე მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ორქიდეას ახალი სახეობა, თვალწარმტაცი წითელი ყვავილებით. სინამდვილეში, ბოტანიკოსები ცისფერ ორქიდეას ეძებდნენ, რომელიც 80 წლის განმავლობაში არავის უნახავს.

3. მიწისქვეშა პალმის ხე

პალმის ნაყოფი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულ ბორნეოზე აღმოაჩინეს პალმის ახალი სახეობა, ლათინური სახელით Pinanga subterranea.

თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ იგი აქამდე სრულად უცნობი იყო მთელი კაცობრიობისთვის, რადგან, როგორც ირკვევა, ადგილობრივი ტომები დიდი ხანია იყენებდნენ მის ნაყოფს საკვებად.

ყველაზე საინტერესოა, რომ პალმის ხე მიწისქვეშ ყვავის და ნაყოფსაც იქ იძლევა.

მცენარეები, რომლებიც მიწისქვეშ ყვავიან, ძალიან იშვიათია.

4. მტაცებელი მცენარე მოზამბიკიდან

Crepidorhopalon droseroides

დღედღეობით ეს მცენარე მეცნიერებისთვის დიდ იდუმალებას წარმოადგენს. პირველი, ვინც მოზამბიკში, საველე კვლევის დროს მას წააწყდა, ბოტანიკოსი ბარტ ვურსტენია.

მცენარის მეცნიერული სახელწოდებაა Crepidorhopalon droseroides, რაც მზის წვერის მსგავსს ნიშნავს. მისი ზედაპირი დაფარულია წებოვან-ჯირკვლოვანი თმით, რასაც მწერების დასაჭერად და მოსანელებლად იყენებს.

5. მიწისქვეშა ხეები

ეს უბრალო ყვავილები არ გეგონოთ, ეს არის მიწისქვეშა აყვავებული ხე, რომლის დიდი ნაწილი სწორედ მიწის ქვეშ არის

ზოგისთვის შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ მცენარეთა მრავალი სახეობა ადაპტირდა მიწისქვეშა სამყაროში, ნიადაგის ფენის ქვეშ.

ამ შემთხვევაში, ლაპარაკია მიწისქვეშა ხეების ორ ახალ სახეობაზე, რომლებიც კიუს ბოტანიკური ბაღის მკვლევარმა დევიდ გოიდერმა ანგოლას შორეულ რაიონებში ექსპედიციის დროს აღმოაჩინა.

6. ახალი ორქიდეა მადაგასკარიდან

ახალი ორქიდეა ბოტანიკოსმა იოჰან ჰერმანსმა აღმოაჩინა. მცენარე მცირე ნაკრძალში იპოვეს, რომელიც იშვიათი ფრინველის - ჩაფხუტიანი ვანგას დასაცავად შეიქმნა. რომ არა ჩაფხუტიანი ვანგა, ტყე გაიჩეხებოდა და ორქიდეა ისე გაქრებოდა, რომ მეცნიერები მის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ.

7. სოკო ნაგავსაყრელიდან

ექიმმა კირკმა სოკოს ეს სახეობა სოიოს ნარჩენების ნაგავსაყრელში, სამხრეთ კორეაში აღმოაჩინა. ის მაღალ ტემპერატურას უძლებს. იგი Lichtheimia-ს გვარს განეკუთვნება.

8. თამბაქოს მცენარე

თამბაქო (ლათინური სახელი Nicotiana) იზრდება მთელ მსოფლიოში. უფრო მეტიც, მეცნიერებისთვის ცნობილი 90 სახეობიდან ნახევარზე მეტი გვხვდება ავსტრალიაში.

ორი ბოტანიკოსი კევიდან, მარკ ჩეისი და მაარტენ კრისტენჰუსი, იკვლევენ თამბაქოს მცენარეებს ავსტრალიაში. ისინი სწავლობენ, თუ როგორ ახერხებენ ასეთი თხელფოთლიანი მცენარეები გადარჩენას პლანეტის ყველაზე მშრალ ადგილებში.

2023 წელს მათ აღწერეს თამბაქოს ცხრა ახალი სახეობა. ერთ-ერთი მათგანი ფართოდ გაიზარდა ავსტრალიის კოკოპარას ეროვნულ პარკში საპიკნიკე ადგილებში.

9. აღმოჩენა გადაშენების პირას

ტაილანდში აღმოაჩინეს ყვავილოვანი, იისფერი მცენარის ახალი სახეობა Microchirita-ს გვარიდან. ისინი მხოლოდ ორ ადგილას ხარობენ და ამ ეტაპისთვის გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

10. ინდიგოფერა, რომელსაც ეს სახელი მეცნიერის პატივსაცემად უწოდეს

Indigofera - ინდიგოფერა ტროპიკული, მოყვავილე მცენარეა. იგი თავის გვარში აერთიანებს 750-ზე მეტ მცენარეს. ინდიგოფერა ძირითადად ბუჩქების ან მომცრო ზომის ხეების სახით გვხვდება. მისგან ამზადებენ ცნობილ საღებავს ინდიგოს, რომელიც ყველაზე ძველ, ბუნებრივ საღებავადაა მიჩნეული.

მხოლოდ 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ამ გვარის 18 წარმომადგენელი აღმოაჩინეს.

მათგან ერთ-ერთს Indigofera abbottii-ს, ეკოლოგ ენტონი (ტონი) თომას დიქსონ ებოტის სახელი ეწოდა. თუმცა, ინდიგოფერას ეს ახალი სახეობა შესაძლოა, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ის ძირითადად ისეთ ადგილებში იზრდება, რომლებიც შეიძლება მალე გაიწმინდოს სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის ან საცხოვრებლად გამოიყენონ.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა