ავტორი:

"ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე - მეთქი“ - რას ამბობს ზალიკო ბერგერი მოულოდნელ ავადმყოფობასა და გადატანილ ოპერაციაზე?

"ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე - მეთქი“ - რას ამბობს ზალიკო ბერგერი მოულოდნელ ავადმყოფობასა და გადატანილ ოპერაციაზე?

ერთი კვირის წინ, მუშაობის შემდეგ, ზალიკო ბერგერმა მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო. თავიდან დიზაინერმა უეცარი ტკივილი მუცლის არეში სიცივეს დააბრალა, თუმცა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუარესდა და სასწრაფოდ კლინიკაში გახდა გადასაყვანი.

დიზაინერი ამჟამადაც საავადმყოფოში რჩება, მას კუჭის გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ახლა უკეთ არის, მაგრამ წინ დიეტის დიდი ციკლი ელოდება. ამბობს, რომ უფალმა, კარგმა ექიმებმა, მეგობრებმა და წმინდა მატრონამ გადაარჩინეს...

- გადავრჩი... 8 იანვარს დილიდან არაფერი მტკიოდა, მაგრამ სამუშაოდან რომ დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ გულში და მხარში რაღაც მეტკინა, მეგონა, სიცივისგან ჭვალი მქონდა. ავდექი და ტკვილგამაყუჩებელი დავლიე, რის შემდეგაც, უარესი დამემართა, თითქოს ხანჯალი დაგარტყესო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კუჭი გამისკდა.

- საავადმყოფოში ალბათ სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაგიყვანათ?

- შინ მარტო ვიყავი. ჯერ ვერც მივხვდი, რა მჭირდა, არ ვიცი, ეს ტკივილი ყოფილა ჩემს მტერს და ავს. მეგობარს დავურეკე, როდესაც მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. იქამდე კარი ღია დავტოვე. ხუთ წუთში ჩემთან იყო, მაგრამ საცობების გამო სასწრაფო ვერ მოდიოდა. ბოლოს მეცხრე საავადმყოფოში - ჯამარაულის კლინიკაში მანქანით მეგობარმა მომიყვანა.

- რამ გამოიწვია ზალიკო კუჭის გახეთქვა?

- ყველაფერი გადამიღეს, იმ რაღაცაშიც შევძვერი და აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ, ორ ლიტრამდე სითხე ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლულიც მქონია. ცოტა მაწუხებდა ხოლმე, მაგრამ ისე არა, რომ რამე საგანგაშო მგონებოდა. თურმე ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო.

- ახლა ისევ კლინიკაში რჩებით?

- დიახ, დღეს-ხვალ გამწერენ. ყველაფერი აკრძალული მაქვს. არაფერი არ შეიძლება, ნულპროცენტიან ხაჭოს ვჭამ. არც სასმელი, ეგ კი არა, იმას ვფიქრობ, ბულიონს როდის დავლევ...

- აქამდე არასოდეს შეუწუხებიხართ კუჭს?

- არა, მხოლოდ დისკომფორტის დონეზე, ისიც ხანდახან. მაშინაც ვამბობდი, რომ შეიძლებოდა რაღაც მეჭამა და იმის ბრალი ყოფილიყო. ღმერთის მადლით გადავრჩი, ჩემი მეგობრებიც მალე მოვიდნენ. დედაჩემს რომ დავურეკე, კინაღამ გული გაუსკდა. მარტო ვწევარ პალატაში, აქამდე არაფრის თავი არ მქონდა. დღეს შედარებით უკეთ ვარ, ვითხოვ გამწერეთ-მეთქი.

- ამ დღეებში დაწერეთ პოსტი, რომ მატრონა მოსკოველის ხატმა გადაგარჩინათ...

- მე ძალიან მიყვარს წმინდა მატრონა, არ ვიცი, ვინ რამდენად გარკვეულია მის ძალაში. წმინდა მატრონა იმდენად დიდებული წმინდანია, რომ ყველას მფარველობს. ის რაღაც რომ მოხდა, სპეციალურად დავწერე, წმინდა მატრონას ვუხდი მადლობა ჩემი გადარჩენისთვის - მეთქი. მისი ბევრი ხატი მაქვს ორივე სახლში, "ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე - მეთქი“. არ ვიცი, ეს სტალინი და რაღაცა, მაგრამ წმინდა მატრონას მადლი გფარავდეთ ყველას.