ავტორი:

თუ კონტრაცეპტივებს რეგულარულად იღებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

თუ კონტრაცეპტივებს რეგულარულად იღებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცერებრული სინუსის თრომბოზი თავის ტვინის სინუსების დახშობაა. ტვინის ვენურ სინუსურ სისტემაში სისხლი დედდება, წარმოიქმება თრომბები და ვეღარ ხდება მისი გადინება თავის ტვინიდან, რაც სისხლის ქსოვილებში გაჟონვას იწვევს. ვითარდება ინსულტის მსგავსი მდგომარეობა. დაავადება მრავალფეროვან ნევროლოგიურ კლინიკას იწვევს. მიუხედავად ამისა დიაგნოზის დასმა ხშირად გართულებულია.

ცერებრული სინუსის თრომბოზი ძირითადად ვლინდება ქალებში და ახალგაზრდა ასაკში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი, მედიცინის დოქტორი ქეთევან მიქელაძე განმარტავს, რომ ცერებრული სინუსის თრომბოზები ცერებრული იშემიების დაახლოებით 1%-ს წარმოადგენს. ქეთევან მიქელაძე დაავადების შესახებ აქტუალურ კითხვებს პასუხობს.

რა არის ცერებრული სინუსის თრომბოზის განვითარების მიზეზი?

დაავადების გაჩენის ერთ-ერთი გახშირებული მიზეზია კონტრაცეპტივებისა და ჰორმონალური პრეპარატების რეგულარული მიღება. ცერებრული სინუსის თრომბოზის შეიძლება გაჩნდეს სისხლის სხვადასხვა დაავადების დროსაც.

რა რისკები ახლავს ცერებრული სინუსის თრომბოზს?

თუ დაავადების დროული დიაგნოსტიკა მოხდება, გართულებების რისკი საკმაოდ დაბალია. ყველაზე ხშირად გვხვდება მხედველობის დაქვეითება. ეს გართულება საკმაოდ სწრაფად ვითარდება.

რა სიმპტომები აქვს ცერებრული სინუსის თრომბოზს და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს? როგორ ხდება დიაგნოსტირება?

დაავადებისთვის დამახასიათებელია ინსულტის მსგავსი სიმპტომები. ესენია: თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, სხეულის გარკვეულ ნაწილზე მოძრაობის კონტროლის დაკარგვა, გულის წასვლა, სისუსტე, დაბნეულობა, კრუნჩხვები, მეტყველების პრობლემები, ფეხების, ხელების დაბუჟება.

თუ დასახელებულიდან ერთი ან რამდენიმე აწუხებს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. პირველ რიგში, საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც გასინჯვითა და ანამნეზით უნდა დასვას დიაგნოზი. შემდეგ ეტაპზე ინიშნება MR ვენოგრაფია.

ცერებრული სინუსის თრომბოზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?

პირველადი მკურნალობა არის მედიკამენტოზური. ეს გახლავთ ანტიკოაგულანტები. უმეტეს შემთხვევაში ამ ტიპის მკურნალობა საკმარისია. თუმცა თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ მოგვცა, მაშინ ხდება ენდოვასკულარული ჩარევა. ამ დროს ხდება თრომბის დაშლა მექანიკური ან ლოკალური მედიკამენტების მეშვეობით.

რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ცერებრული სინუსის თრომბოზები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმეტესად რისკჯგუფში არიან ახალგაზრდა ქალები. ქალებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ კონტრაცეპტივებს, მწეველობა დამატებითი რისკფაქტორია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე. პრევენციულ ზომებად შეიძლება ჩავთვალოთ, ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.