ავტორი:

ქეით მოსი 50 წლის გახდა - სუპერმოდელის არასტანდარტული გარეგნობა, 14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სკანდალები და მამაკაცები

ქეით მოსი 50 წლის გახდა - სუპერმოდელის არასტანდარტული გარეგნობა, 14 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სკანდალები და მამაკაცები

ქეით მოსი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. იმის მიუხედავად, რომ ქეითი დღეს 90-იანი წლების სამოდელო სფეროს ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა, მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით და სკანდალებით იყო სავსე.

ქეითი 14 წლის იყო, როცა ის ნიუ-იორკის აეროპორტში სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა შენიშნა. მოგვიანებით, როცა ქეითი ამ პერიოდს ინტერვიუში იხსენებდა, ამბობდა, რომ მაშინ ინდუსტრიაში მუშაობა ვერც კი წარმოედგინა, რადგან ის სიმაღლეში მხოლოდ 170 სმ იყო და თავს ლამაზადაც არ მიიჩნევდა.

  • 15 წლის ასაკში ქეითს ფოტოგრაფმა ბიუსჰალტერის გახდა სთხოვა, რის შემდეგაც შეშინებულმა გოგონამ ნივთები აკრიფა და უკანმოუხედავად გაიქცა. მოდელის თქმით, ამ გამოცდილებამ მისი ინსტინქტები გააძლიერა და სწორედ ამან უბიძგა, რომ მოგვიანებით საკუთარი სამოდელო სააგენტო დაეარსებინა.

ქეით მოსის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებულმა ფოტოებმა ითამაშა. მოგვიანებით, 19 წლის ქეითი ბრიტანული Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა და, ალბათ, მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსგავს აპმპლუაში ყოფნა კიდევ 40-ჯერ მოუწევდა.

ქეითი 1994 წელს მსახიობ ჯონი დეპს ხვდებოდა, თუმცა ამ ურთიერთობამ მხოლოდ 3 წელს გასტანა. წყვილის მეგობრების თქმით, ჯონიმ ქეითს გული ძალიან ატკინა და დაშორების შემდეგ ის განუწყვეტლივ ტიროდა. წლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მოდელი გამოტყდა:

"არასდროს მყოლია გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც ჩემზე იზრუნებდა. ეს მხოლოდ ჯონიმ მოახერხა, ცოტათი მაინც".

წყაროების თქმით, ქეითმა ნარკოტიკების მოხმარება ჯონი დეპთან ურთიერთობის შემდეგ დაიწყო

2000-იანი წლების დასაწყისში ქეითი ჟურნალ Dazed & Confused-ის თანადამფუძნებელს, ჯეფერსონ ჰეკს ხვდებოდა. წყვილს გოგონა შეეძინა, ლაილა გრეისი, რომელიც ახლა 21 წლისაა და ქეითის დაარსებულ სამოდელო სააგენტოში მუშაობს. ამის მიუხედავად, ჯეფერსონისა და ქეითის ურთიერთობამ 3 წელზე მეტხანს ვერ გასტანა.

2005 წელს ქეითის სკანდალური ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც ის ნარკოტიკებს მოიხმარს. ფოტოები პრესის გარეკანზე მოხვდა და მოყოლილი სკანდალის გამო მასთან თანამშრომლობაზე არაერთმა მოდის სახლმა თქვა უარი, მათ შორის იყო Chanel, Burberry and H&M. ამის მიუხედავად, მოდელმა მაინც მოახერხა კარიერის შენარჩუნება და სხვადასხვა ბრენდებისთვის მუშაობა განაგრძო.

მოსმა 2011 წელს მუსიკოს ჯეიმი ჰინსზე იქორწინა, თუმცა მათი ურთიერთობაც ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი 4 წლის შემდეგ დაიშალა.

2016 წელს ქეითმა საკუთარი სამოდელო სააგენტო დააარსა და ამჯერად კამერის მიღმა განაგრძობდა მუშაობას. მოსი ბოლო წლებში ცდილობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს და საკუთარ სახლში მებაღეობასაც მისდევს. 2022 წელს, გვინეტ პელტროუს მსგავსად, საკუთარი ბრენდი შექმნა, სახელად Cosmoss.

რაც შეეხება მოდელის პირად ცხოვრებას, ის უკვე 9 წელია ბრიტანელ ფოტოგრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკს ხვდება.

მოამზადა ანა სიბოშვილმა