ავტორი:

"მთლად რომ მე და ჩემს მოადგილეებს მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს" - კახა კალაძე

"მთლად რომ მე და ჩემს მოადგილეებს მოგვიწიოს მუშაობა,  წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს" - კახა კალაძე

"მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს და მოძრაობა აღდგენილი, ეს პირობა აუცილებლად შესრულდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ გაწყვიტა თბილისის მერიამ იმ კომპანიებთან კონტრაქტი, რომლებიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ.

"წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩემთვის. აღნიშნული სამუშაოები ჩვენ აპრილის ბოლოს დავიწყეთ და მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა აღდგენილი. სამუშაოები ძალიან მასშტაბურია. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირულად და ახალი გზის დაგებით, გვინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შევდივართ.

დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც აღნიშნული გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები ნამდვილად არ ჩატარებულა. თუმცა, ამ სამუშაოების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, ეს არახალია იმიტომ, რომ კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ თავის ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ხელშეკრულებით არის გაწერილი და ამჯერადაც ასეთი ფაქტი გვქონდა. მოგვიწია იმ 2 კომპანიას დავმშვიდობებოდით, რომელიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგეს. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ იმ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს აღნიშნულმა კომპანიებმა ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა ცრუ მედიებმა საზოგადოება რომ არ შეიყვანონ შეცდომაში, ვადის გადაწევაზე როცა ვსაუბრობთ, აქ საბოლოო ვადის გადაწევაზე არ არის საუბარი. იანვარი ყოველთვის ძალაში იყო, სამუშაოების პროცესის შიდა ვადებზეა საუბარი“,-განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, კომპანიებთან მიმართებით პრობლემები იყო არა მხოლოდ ვადებთან, არამედ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებითაც.

"მივიღეთ გადაწყვეტილება დავმშვიდობებოდით აღნიშნულ კომპანიებს იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს თბილისელების წინაშე, მნიშვნელოვანია, მოძრაობა იანვრის ბოლომდე ორმხრივად აღდგეს“, - განაცხადა კალაძემ.