ავტორი:

20 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" ბავშვებისთვის "ნინის კითხვის საათი" გაიმართება

20 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" ბავშვებისთვის "ნინის კითხვის საათი" გაიმართება

„ბიბლუსის“ პროექტი „ნინის კითხვის საათი“ გრძელდება. მომდევნო ღონისძიებაზე, რომელიც 20 იანვარს, კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება, ცნობილი საბავშვო ავტორი შეხვდება პატარა სტუმრებს და წაუკითხავს თავის ახალ წიგნს „მოგზაურებიზამბეზავრიიდან". შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებათა ამ სერიის გაგრძელება ეძღვნება „ბიბლუსის“ ყოფილ თანამშრომელს, ნინი ჯაფარიძეს, რომელიც პროექტის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო. მისი სახელობის კითხვის საათმა 2018 წლიდან დღემდე უკვე ათასობით ბავშვი გააერთიანა და ამ საქმეს კვლავაც აგრძელებს.

ნინის სჯეროდა, რომ ადამიანს წიგნი ბავშვობიდან უყვარდება, ამიტომ კითხვის პოპულარიზაციისთვის ეს წარმატებული პროექტი შექმნა. პროექტის ფარგლებში ბავშვებს ცნობილი ადამიანები ხვდებიან და სხვადასხვა ზღაპარს, მოთხრობასა და ლექსს უკითხავენ. ასეთი საღამოები პატარებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. გარდა იმისა, რომ ისინი საინტერესო ამბებს ისმენენ, ხვდებიან თანატოლებს, ამყარებენ ახალ ურთიერთობებს და იძენენ მეგობრებს.

„ნინის კითხვის საათი“ ორ კვირაში ერთხელ ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სტუმრების ნაწილმა ეს ერთგვარ ტრადიციადაც აქცია და როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ პროექტმა მათ შვილებს კითხვა კიდევ უფრო შეაყვარა.

პროექტის ფარგლებში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაც, მათ შორის კლინიკებში მყოფი პატარებისთვის წიგნებისა და სასკოლო ნივთების გადაცემის სახით და სხვა. ნინი ჯაფარიძის მიერ დაწყებული გამორჩეულად მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და პატარა მკითხველისთვის საინტერესო საღამოებს გამართავს.