ავტორი:

"წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა..." - ზურა ყიფშიძე როლებზე, ოჯახსა და კლინიკურ სიკვდილზე

"წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა..." - ზურა ყიფშიძე როლებზე, ოჯახსა და კლინიკურ სიკვდილზე

ზურა ყიფშიძემ უამრავი როლი შექმნა კინოსა და თეატრში. მაყურებლის იმხელა სიყვარული მოიპოვა, როცა გაიგებენ, მისი შესრულებით თეატრში სპექტაკლი ინიშნება, ერთ საათში ბილეთი აღარ არის. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მსახიობთან ჩაწერა ინტერვიუ, რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

- როდის იყავით ყველაზე ბედნიერი? როცა, ვთქვათ, სიმშვიდეც იყო...

- სიმშვიდეს ბედნიერებას არ ვეძახი, პირიქით!.. ეს იყო 1977 წელი. იმხანად დავოჯახდი და ჩვენი თეატრი ყალიბდებოდა. შვილი შემეძინა... ერთდროულად იმდენი კარგი რამ მოხდა. საზღვარგარეთ მეძახდნენ სამუშაოდ - მე უარი ვთქვი. ჯანზე ვიყავი, მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი - ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი.…მერე და მერე ღმერთი მაინც გიგზავნის ბედნიერებას იმის სახით, ამის სახით, მაგრამ ნელ-ნელა, აი, როგორც „Art“-შია - "თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა იქ, სადაც შემდეგ ფერიცვალება ელის!".

- ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?

- წლებთან ერთად სენტიმენტალური ხდები, მაგრამ ის, რომ თითქმის სულ მარტო დავრჩი, ძალიან მაწუხებს. წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა, მაგრამ მე მაინც იმ შეუცნობადზე მეფიქრება, მერე რა ხდება. აი, იქ უნდა გვესმოდეს ის, რაც არ გესმის, ვგრძნობდეთ...

- კლინიკურ სიკვდილს გულისხმობთ?

- კი, არაფერი ისეთი არ ხდება, პირიქით, სიამოვნების განცდაა. ორჯერ სერიოზული იყო, ორჯერ - ისე რა. იცი, შეგრძნება როგორი იყო? რომ დაიღალე და დაისვენე. ძალით დამაბრუნეს, თორემ არ ვაპირებდი მობრუნებას. რომ ვიცი, იქ მეგობრები და ოჯახი, დედა, დეიდები არიან...

- ვინ არის ზურა ყიფშიძე?

- ყველანი ვიღაცები ვართ... ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს. თუმცა დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც სხვებს მოსწონთ...

მე ძალიან დიდი ოჯახი მყავს და არ შეიძლება ამის თქმა, მაგრამ მარტოსული ვარ. თეატრში, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ მიხეილ ივანიჩის წინამძღოლობით, დღემდე ვარ, მარჯანიშვილშიც ვარ, მაგრამ მაინც ყველა მარტოა...

- ეს გაწუხებთ?

- რა თქმა უნდა. ისევ 60-70-იან წლებში დავბრუნდებოდი. სიბერე ძალიან ცუდი გამოგონებაა, ბრძენდები, მაგრამ ბევრი რამ არ გახსოვს და ეს ძალიან ცუდია. წაიკითხეთ სრულად