ავტორი:

"მეგან მარკლის წყევლა" - პრინცესა ქეითის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეფე ჩარლზსაც: რა დაემართათ უინძორებს

"მეგან მარკლის წყევლა" - პრინცესა ქეითის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეფე ჩარლზსაც: რა დაემართათ უინძორებს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი ფანებისთვის შემაშფოთებელია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უელსის პრინცესა ქეით მიდლტონმა ოპერაცია გაიკეთა და ის ორი კვირის განმავლობაში კლინიკაში იქნება მოთავსებული, თუმცა გარდა ამისა, ავად არის მეფე ჩარლზიც.

როგორც სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩარლზს პროსტატის სამკურნალოდ, მომავალ კვირაში საავადმყოფოში გადაიყვანენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა "არც ისე მძიმეა".

რაც შეეხება ქეით მიდლტონს, კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, უელსის პრინცესას, მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ცნობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ქეით მიდლტონი საავადმყოფოში 10-14 დღემდე დარჩება, შემდეგ კი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.

"მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა გუშინ, ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება" - ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

რა გახდა ოპერაციის ჩატარების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ქეით მიდლტონის სამედიცინო ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტარი დაიწერა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრები, მათ გამოჯანმრთელებას უსურვებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც წერენ, რომ როცა მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ჯანმრთელობა არავის ადარდებს და მათ შესახებ ინფორმაცია არც უნდა ვრცელდებოდეს. ზოგიერთი კი ყველაფერს პრინც ჰარის ცოლს, მეგან მარკლს აბრალებს.

"ეს მეგანის წყევლის შედეგია", - წერენ სოციალურ ქსელში და იმ კონფლიქტზე მიუთითებენ, რომელიც უინძორების ოჯახში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგანი ჰარის ცოლი გახდა.