ავტორი:

ფოლკნერის რომელ რომანს ისურვებდით სერიაში "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"?

ფოლკნერის რომელ რომანს ისურვებდით სერიაში "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"?

ახალი პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი წიგნი ცნობილია, მაგრამ რა იქნება შემდეგი? ამის განსაზღვრა თქვენც შეგიძლიათ. მიეცით ხმა სასურველ ავტორსა და ნაწარმოებს და შექმენით თანამედროვე ბიბლიოთეკა საკუთარ თაროებზე. ხმის მიცემა კვლავ გრეძელდება. ამ ეტაპზე კი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მწერლად უილიამ ფოლკნერი სახელდება.

ჩვენ გიზიარებთ საინტერესო ფაქტებს მწერლის შესახებ, თქვენ კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ფოლკნერის რომელი ნაწარმოები გსურთ იხილოთ ახალ სერიაში.

  • უილიამ კათბერტ ფოლკნერი გახლავთ ამერიკელი მწერალი მისისიპიდან, ნობელის პრემიის ლაურეატი. ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოს-მწერლად ითვლება.
  • წერდა რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს და სცენარებს.
  • მწერლის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ. დაიბადა ნიუ ალბანიში, მისისიპის შტატში, თუმცა 4 წლის ასაკში ოჯახი ქალაქ ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ოქსფორდი წარმოადგენს ქალაქ ჯეფერსონის, ლაფაიეტის ოლქი კი - იოკნაპატოფას ოლქის რეალურ მოდელს, სადაც ფოლკნერის რომანებისა და მოთხრობების უმრავლესობაში აღწერილი ისტორიები ვითარდება.
  • ფოლკნერის წერის სტილი გამოირჩევა გრძელი, წყვეტილი ფრაზებით, მისი თანამედროვე და ხანგრძლივი მოწინააღმდეგის, ერნესტ ჰემინგუეის მინიმალისტური სტილისგან კონტრასტით. ითვლება, რომ ფოლკნერი ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პროზაიკოსი იყო 1930-იანებში, რომელმაც განაგრძო ევროპელი მწერლების: ჯეიმზ ჯოისის, ვირჯინია ვულფისა და მარსელ პრუსტის ტრადიცია. მის ნამუშევრებში გამოყენებულია ისეთი ტექნიკები, როგორიცაა: ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან თვალსაზრისი და თხრობის დროთა ცვალებადობა.
  • 1930-იან წლებში ფოლკნერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სცენარისტად მუშაობდა.
  • 1920-იანი წლების დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ფოლკნერმა 13 რომანი და არაერთი მოთხრობა გამოაქვეყნა. სწორედ ამ ნამუშევრებმა განაპირობა 52 წლის ასაკში მისთვის ნობელის პრემიის გადაცემა. ასეთ მცირე დროში ფოლკნერი ინტენსიურად წერდა და შექმნა ისეთი დიდი რომანები, როგორებიცაა „ხმაური და მძვინვარება“ (1929), „სული რომ ამომდიოდა“ (1930), „აგვისტოს ნათელი“ (1932) და „აბესალომ, აბესალომ!“ (1932). 1931 წელს გამოვიდა ფოლკნერის მოთხრობების პირველი კრებული, რომელშიც მისი თითქმის ყველა ცნობილი და მნიშვნელოვანი მოთხრობა შევიდა. მათ შორის იყო „ვარდი ემილისათვის“, „წითელი ფოთლები“, „იმ საღამოს მზე“ და „მშრალი სექტემბერი“.
  • 1949 წელს ფოლკნერი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოვეს „ამერიკულ რომანებში მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის“. ჯილდო მას 1950 წელს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცეს, იმ წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ბერტრან რასელთან ერთად. ფოლკნერს არ მოსწონდა ის ცნობადობა, რაც მას პრემიის მიღებამ მოუტანა. ჯილდოსადმი მისი არაკეთილგანწყობილება იმდენად დიდი იყო, რომ მისმა 17 წლის ქალიშვილმა ფოლკნერის წარმატების შესახებ სკოლის დირექტორისგან შეიტყო. ნობელის ფონდიდან მიღებული თანხის ერთი ნაწილი ფოლკნერმა ახალგაზრდა მწერლების მხარდამჭერი ფონდის ჩამოყალიბებაში დახარჯა, მეორე ნაწილით კი ახლომდებარე რასტის კოლეჯის აფროამერიკელ მასწავლებლებს განათლების მიღებაში დაეხმარა. 1951 წელს საფრანგეთის მთავრობამ ფოლკნერს საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა. ფოლკნერმა ორჯერ მიიღო პულიცერის პრემია: პირველად ეს მოხდა 1955 წელს, როდესაც მისმა რომანმა „იგავმა“ მიიღო ჯილდო, მეორედ კი პულიცერი მწერალს 1963-ში, გარდაცვალების შემდეგ, რომანისთვის „გამტაცებელნი“ მიენიჭა. მან ასევე ორჯერ მიიღო ამერიკის „წიგნის ეროვნული ჯილდო“, 1951 წელს მოთხრობების კრებულისათვის, ხოლო 1955-ში „იგავისათვის“.
  • გარდაიცვალა 1962 წელს გულის შეტევით, 64 წლის ასაკში, მისისიპის შტატში.
  • 1987 წლის 3 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისმა ფოლკნერის პატივსაცემად 22-ცენტიანი საფოსტო მარკა შემოიღო.

მითითებულ ბმულზე დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ფოლკნერის რომელიც ნაწარმოების გამოცემას ისურვებდით სერიაში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. გამომცემლობა „პალიტრა L-ისთვის“ თითოეული მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია.