ავტორი:

"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა

"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა

"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა გასული წელი "პალიტრანიუსისთვის“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ტელეკომპანიამ 2023 წლის სარეკლამო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, სარეკლამო შემოსავლები ერთი წლის განმავლობაში 123,7%-ით გაიზარდა. ასეთმა შედეგებმა კი კომპანიას მისცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელიც პოზიტიური მოლოდინებით დაგეგმოს.

"პალიტრანიუსი“ მაყურებელს მრავალფეროვან და განსხვავებულ სატელევიზიო კონტენტს სთავაზობს, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი კვალიფიციურ მაყურებელში. ბიზნეს გადაცემები, ობიექტურ, გადამოწმებულ, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაფუძნებული საინფორმაციო გამოშვებები, მიუკერძოებელი პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი და შემეცნებითი რუბრიკები - "პალიტრანიუსის“ სატელევიზიო კონტენტი იწვევს ნდობას მაყურებელში, რაც ტელეკომპანიას მეტ გავლენას სძენს.

ლევან ტაბატაძე "პალიტრანიუსის“ დირექტორი: "გასული წლის წარმატება ახალ გამოწვევებს და მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. შესაბამისად, ჩვენი მაყურებელი კიდევ ბევრ სიახლეს იხილავს ჩვენგან, როგორც სატელევიზიო კონტენტის, ისე ტექნოლოგიური ინოვაციების თვალსაზრისითაც. საინტერესო სიახლეებს მაყურებელს უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შევთავაზებთ.

მთლიანად კი, გასული 2023 წელი ტელევიზიისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ამისთვის პირველ რიგში, მადლობა ჩვენს მაყურებელს ნდობისთვის და ერთგულებისთვის. გაიზარდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ჩვენი მაყურებლის მნიშვნელოვანი წილი წარმოადგენს 35-დან 55 წლამდე გადამხდელუნარიან, დასაქმებულ ადამიანებს. ამას IRI-ს იმ გამოკითხვების შედეგები ცხადყოფს, რომელიც 2023 წელს ჩატარდა და სადაც ყველა დიდ ქალაქში, გამოკითხული მოსახლეობის ამ სეგმენტში, სანდოობის თვალსაზრისით, "პალიტრანიუსი“ მოწინავე პოზიციებზეა. ამ ტიპის მაყურებელი კი ნებისმიერი ბიზნესისთვის საინტერესო სეგმენტია, რადგან იცის, რომ მისი რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიამდე მიაღწევს, რაც მას გარანტირებულ შედეგს მოუტანს. ბიზნესმა ყველაზე უკეთ იცის საქმეზე ორიენტირებული, ნეიტრალური და სამართლიანი მედიის ფასი. "პალიტრანიუსმა“ მოახერხა, რომ ორი დაინტერესებული მხარე - ბიზნესი და მომხმარებელი, თავის არხზე ერთმანეთს შეახვედრა“.

ირინა შარვაშიძე, სარეკლამო კომპანია "ედლაინის“ დირექტორი: "ერთი წლის განმავლობაში "პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით, 124%-ით გაიზარდა. ჩვენი დამკვეთები არიან როგორც მსხვილი ბანკები, ასევე დიდი ფარმაცევტული კომპანიები, ჰიპერ და სუპერმარკეტები, სამშენებლო კომპანიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ შარშან, წინა წელთან შედარებით, თითქმის ყველა კომპანიამ ჩვენთან სარეკლამო ბიუჯეტი გაზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი ჩვენთან თანამშრომლობით კმაყოფილი არიან. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესის მხრიდან, სხვადასხვა გადაცემებში სასპონსორო განთავსების სურვილი. ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა ბიზნესგადაცემებთან თანამშრომლობისა და მონაწილეობის სურვილი. აღნიშნული შედეგები საფუძველს გვაძლევს, რომ მიმდინარე წელსაც ამბიციური გეგმები დავსახოთ. კერძო სექტორის მხრიდან ინტერესსა და სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას წელსაც ველოდებით“.

ნინო წიკლაური, ტურისტული კომპანია "Go ტურის“ დამფუძნებელი, გადაცემა "მონეტიზაციის“ ერთ-ერთი სპონსორი: "მონეტიზაციასთან“ და მთლიანად, "პალიტრანიუსთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა. საქმიანი გარემო, საინტერესო ფორმატი და კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მაყურებლამდე ჩვენი მთავარი გზავნილები მივიტანოთ. ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ბიზნესის ცნობადობა, შესაბამისად, გაიზარდა ჩვენი მომხმარებელი, გაჩნდა ახალი იდეები, რამაც ახალ პროექტებს დაუდო საფუძველი“.

დავით ლომიძე, აუდიტორული კომპანია "ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორი, გადაცემა "მონეტიზაციის“ ერთ-ერთი სპონსორი: "გადაცემა "მონეტიზაციაში“, რუბრიკა "ბიზნესი ნექსიასთან“, ჩვენი კომპანიის მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯია ბიზნესის გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის. გადაცემაც, ისევე, როგორც მთელი ჩვენი საქმიანობა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერასა და ინფორმირებას ემსახურება. "პალიტრანიუსის“ ეთერით, შესაძლებლობა გვაქვს მაყურებელს, ჩვენს ლოიალურ თუ პოტენციურ კლიენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია მნიშვნელოვან ფინანსურ, საგადასახადო თუ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ პოზიტიურ გამოხმაურებებს ვიღებთ მაყურებლისგან, შესაბამისად, ტელეკომპანიასთან თანამშრომლობას წელსაც ვაგრძელებთ“.

ტელეკომპანია "პალიტრანიუსი“ განახლებული ფორმატით 2015 წლიდან მაუწყებლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ტელევიზიამ მთლიანად განაახლა საეთერო ბადე, რებრენდინგი გაუკეთა, როგორც არსებულ გადაცემებს, ასევე ახალი სატელევიზიო პროექტებიც ჩაუშვა ეთერში. ტელეკომპანია განსხვავებული ფორმატით სთავაზობს მაყურებელს ახალ ამბებს, სადაც დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს, როგორც ვრცელ საინფორმაციო გამოშვებებს, ასევე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გაიგოს მხოლოდ ერთ წუთში. ტელეკომპანიის მენეჯმენტში მიაჩნიათ, რომ მიღწეული შედეგები, განსხვავებული და მაყურებელზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია, რაც აძლევთ შესაძლებლობას, რომ 2024 წელს ახალი მოლოდინებითა და გეგმებით შეხვდნენ.

BPN.GE