ავტორი:

"ყველა ამბობს, რომ უსახლკარო ვარ. დამშვიდდით, საძილე ტომარა მაქვს" - მილიონერი მსახიობი ჯეისონ მომოა

"ყველა ამბობს, რომ უსახლკარო ვარ. დამშვიდდით, საძილე ტომარა მაქვს" - მილიონერი მსახიობი ჯეისონ მომოა

მილიონერი ჯეისონ მომოა ამბობს, რომ ის ლიზა ბონეტთან განქორწინების შემდეგ, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩა.

"მე უბრალოდ სახლი არ მაქვს, თორემ მთლად უსახლკარო არ ვარ, მშვენიერი ტრაილერი მყავს", - ამბობდა "აკვამენის" მსახიობი ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • "ყველა ამბობს, რომ უსახლკარო ვარ. დამშვიდდით, საძილე ტომარა მაქვს".

მომოამ ინტერვიუში ისიც ივარაუდა, რომ ოდესმე ალბათ სახლსაც შეიძენს, მაგრამ ჯერ არ იცის, როდის. 44 წლის მსახიობმა წარმოიდგინა, როგორ გაოცდებოდნენ ადამიანები, როცა გაიგებენ, რომ მომთაბარე მომოამ მართლა შეიძინა სახლი:

"სახლი არასდროს მიყიდია, მაგრამ ოდესმე ვიყიდი. ალბათ ხალხი ასე შეიცხადებს: ჯეისონ მომოამ სახლი იყიდა. ვაააა, ახლა ბალიშიც აქვს".

მომოას თქმით, მას დოკუმენტური ფილმის "On the Roam"-ის გადაღებებისთვის აშშ-ს გარშემო უწევს მოგზაურობა და მისი ძვირადღირებული ტრაილერი, დროებითი, თუმცა კომფორტული სახლია. ფილმი აშშ-ს სატელევიზიო არხებზე დღეს გამოვიდა. მასში "სატახტო თამაშების" მსახიობი საინტერესო ადამიანებს ხვდება და თავიანთ საქმეზე ესაუბრება: "ხან მიკარგულ, პატარა ქალაქებშიც კი ჩავდივარ და ხალხი გაკვირვებული მეკითხება, იქ რა მინდა".

მომოამ და ბონეტმა განქორწინების საქმე ბოლომდე 2 კვირის წინ მიიყვანეს და სასამართლომ ორივე მშობელს თანაბარი მეურვეობა დააკისრა თავიანთ ორ შვილზე.

"გვინდა გითხრათ, რომ ერთმანეთთან დაშორება გადავწყვიტეთ. ამას იმიტომ არ ვაზიარებთ, რომ აღსანიშნავი სიახლეა, უბრალოდ, გვინდა ცხოვრება ღირსეულად და პატიოსნად განვაგრძოთ", - წერდა წყვილი "ინსტაგრამზე".

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა