ავტორი:

როგორ აღმოჩნდნენ "ძმები" რუსეთ-უკრაინის ომში ერთმანეთის პირისპირ - "მათ სურთ ჩემი მოკვლა... ნორმალურია, მეც მინდა მათი მოკვლა"

როგორ აღმოჩნდნენ "ძმები" რუსეთ-უკრაინის ომში ერთმანეთის პირისპირ - "მათ სურთ ჩემი მოკვლა... ნორმალურია, მეც მინდა მათი მოკვლა"

საფრანგეთის უცხოურ ლეგიონის ჯარისკაცები, რომლებიც წლები მხარდამხარ იბრძოდნენ, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ.

ფრანკი პარიზში მცხოვრები ლეგიონერია. 50 წლის ყოფილმა სნაიპერმა ომის დაწყების შემდეგ ღამის მატარებლით საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში დაბრუნდა.

მებრძოლმა საზღვარი 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში გადაკვეთა და მას შემდეგ უკრაინისთვის იბრძვის. ბევრი მისი ყოფილი ლეგიონერი თანამებრძოლი მის გვერდით მსახურობს, მაგრამ სხვები რუსებისთვის იბრძვიან.

  • 9000-კაციანი ლეგიონი, სახელწოდებით Legio Patria Nostra 140 სხვადასხვა ერის მამაკაცს აერთიანებს. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

"ისინი ჩემი ძმები იყვნენ, მაგრამ ახლა, თუ მათ პირისპირ ვნახავდი, მოვკლავდი, ან ისინი მომკლავდნენ", - ამბობს ფრანკი. "ლეგიონში, როდესაც ერთად ვცხოვრობდით, ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი ყოფა ჩვენი დღევანდელი ყოფისგან. მე პატივს ვცემ და მათ სურთ ჩემი მოკვლა. ნორმალურია, მეც მინდა მათი მოკვლა“.

საფრანგეთის საგარეო ლეგიონში 710 უკრაინელი და 450 რუსი მსახურობდა. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა 2022 წლის თებერვალში ომი დაიწყო.

ლეგიონის ხელმძღვანელმა გენერალმა ალენ ლარდეტმა უკრაინელ და რუს ლეგიონერებს ვიდეომიმართვაში მოუწოდა, რომ კორპუსის ერთგულები დარჩნენ. უკრაინელებს შესთავაზეს ორკვირიანი სპეციალური შვებულება ომში მყოფი ოჯახის წევრების დასახმარებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო: ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ლეგიონი და სამშობლოსთვის ებრძოლა. უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობის შანსზე და 30 000 ევროზე, რომელსაც კონტრაქტის დასრულების შემდეგ გადასცემდნენ.

"აქ შევხვდი უამრავი ლეგიონერს, ჩემნაირი ბიჭები, რომლებმაც დაასრულეს სამსახური ლეგიონში და ბიჭები, რომლებიც დეზერტირდნენ ბრძოლის ველზე" - ამბობს ფრანკი.

უკრაინის საზღვრის გადაკვეთიდან სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ ფრანკი სნაიპერების გუნდს შეუერთდა, რომელიც ირპინსა და კიევის ჩრდილოეთს იცავდნენ. ყველას ფრანგული უცხოური ლეგიონი ჰქონდა გავლილი, მათ შორის იყო კაცი, რომელიც 21 წელი მსახურობდა კორპუსში. ზოგი შვედი იყო, ზოგი სლოვაკი და რა თქმა უნდა, უკრაინელები.

უკრაინელი ჯარისკაცები ისვენებენ თავშესაფარში, სანამ ბრძოლა მძვინვარებს დონეცკის ფრონტის ხაზზე

"ომი და არმია არის ის ვნება, სადაც ჩემი ნიჭი აღმოვაჩინე, მე საერთოდ არ მიცხოვრია სამოქალაქო ცხოვრებით, აი, მე ცოცხალი ვარ. ჩემთვის ეს წამალივითაა. თქვენ არ შეგიძლიათ ამის ახსნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.” - ამბობს ფრანკი და დასძენს, რომ მან დატოვა დალუქული წერილი, რომელსაც რვა წლის შვილს საფრანგეთში გადასცემენ, თუ ის ომში დაიღუპება. წერილში ახსნილია თავის არჩევანი, რატომ წავიდა უკრაინაში საბრძოლველად.

"მე გავხდი ფატალისტი, ეს ომი თავისი მასშტაბით არ ჰგავს იმას, რაც აქამდე რომელიმე ჩვენგანს უნახავს. საშინელებაა, რაც აქ პროფესიონალ ჯარისკაცებს დახვდათ. თავმოგლეჯილი მებრძოლების დანახვა, მეგობრების დაღუპვა, იმაზე უარესი იყო, რაც აქამდე გვინახავს. აქ გავიგეთ, რომ სიკვდილი თავის დროზე ირჩევს ჯარისკაცებს".

ფრანკი იხსენებს ერთ-ერთ შემზარავ მისიას, რომელიც უკრაინაში უცხოელი მებრძოლების მიერ განხორციელდა. 30-კაციანი ჯგუფი ცდილობდა გაეთავისუფლებინა სამსართულიანი სახლი. მიზანი იყო ცხრა უკრაინელი ჯარისკაცის გადარჩენა, რომლებიც სარდაფში იყვნენ ჩარჩენილები. შენობის კარის გარღვევის განმეორებითი მცდელობისას ჯგუფი რუსული სატანკო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

SAS-ის ვეტერანს ტყვია ფეხსა და სახეში მოხვდა, კიდევ ერთმა ბრიტანელმა მებრძოლმა დაკარგა ფეხი. დანაყოფის კიდევ ორი წევრი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა და ჯგუფი იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა.

"ეს იყო ნომერ პირველი ცუდი მისია. ერთი ჭურვი ჩემს წინ დაეცა და ჩემს უკან მოკლა კაცი, გვერდით პოლონელი მებრძოლი დაიჭრა, მე როგორ გადავრჩი, არ ვიცი. ამ ბრძოლაში ვისწავლე ბედისწერისგან ჯილდოების მიღება" - ამბობს ფრანკი.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გასული წლის აპრილში ბახმუტში რუსული სამხედრო დარტყმის შედეგად დაზიანებულ შენობებთან

ომის უმძიმეს ისტორიებში პროფესიონალური სიამაყის ნიშნებია: იხსენებს როგორ ესროლა რუს ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ვაგნერის მებრძოლს, 1662 მეტრის მანძილზე. "ის არაფერით იყო განსაკუთრებული, უბრალოდ, უიღბლო ჯარისკაცი აღმოჩნდა".

ფრანგი მებრძოლების ყოფნა უკრაინაში რუსეთის მხრიდანაც დასტურდება. ხუთშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მოკლა 60-ზე მეტი ფრანგი დაქირავებული მებრძოლი ხარკოვში მათ საცხოვრებელზე თავდასხმის დროს. საფრანგეთის ხელისუფლებამ უარყო მათი განცხადება, თუმცა რუსეთს არ წარმოუდგენია ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება.

მიუხედავად ომის საშინელებებისა, ფრანკი ზოგჯერ არღვევდა ერთგულებას ყოფილ ლეგიონერების მიმართ. ევგენი კულიკის სიკვდილი ამის მაგალითია: 23 წლის უკრაინელი ლეგიონერი გასული წლის იანვარში ბახმუტის გარეუბანში ვაგნერის ჯგუფის ჯარებთან ბრძოლისას მოკლეს. მისი ცხედარი რუსებს ჩაუვარდათ ხელში.

სამი დღის შემდეგ "ვაგნერის" უფროსმა ევგენი პრიგოჟინმა თავის ტელეგრამის არხზე კულიკზე ისაუბრა. "საფრანგეთის უცხოური ლეგიონის კოლეგებმა გვთხოვეს, გვეპოვა ევგენი კულიკი", - წერდა ის საკუთარ თვითმფრინავში აფეთქებამდე ერთი თვით ადრე. "სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ ფრანგული უცხოური ლეგიონის ჯარისკაცი მოკლეს DPR-ში [თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა].

ამ ამბიდან ჩანს, რომ კომუნიკაცია არსებობდა მოწინააღმდეგე მხარეების ლეგიონერებს შორის; რა თქმა უნდა, ასევე ცნობილი იყო, რომ "ვაგნერის" ჯარებში იბრძოდა რამდენიმე ყოფილი ფრანგი ლეგიონერი, მათ შორის ვიტალი პერფილევი, რომელიც მსახურობდა კორპუსის ელიტარულ პარაშუტის პოლკში.

ევგენი კულიკი

პრიგოჟინის Telegram-ის პოსტის შემდეგ, რუსებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ნიღბიანი "ვაგნერის" მებრძოლი, რომელიც თავისუფლად საუბრობს ფრანგულად, უჭირავს ლეგიონის ფორმა, კულიკის გვარით, უკრაინის მხარეში დაბრუნებამდე.

”თითოეული ჩვენგანი ბევრგან იბრძოდა”, - თქვა "ვაგნერის" მებრძოლმა კულიკის ღია კუბოსთან. "ჩვენ ლეგიონის მებრძოლს სახლში ვაბრუნებთ."