ავტორი:

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნას და ბუნკერების აშენებას იწყებენ - ახალი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნების თავდაცვის კონცეფციას სრულიად ცვლის

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნას და ბუნკერების აშენებას იწყებენ - ახალი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნების თავდაცვის კონცეფციას სრულიად ცვლის

ბალტიისპირეთის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნაზე. უკვე ცნობილია, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ბუნკერებს ააშენებენ. თავდაცვითი ზონის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობს 2022 წელს ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმებებიდან.

პოტენციური რუსული აგრესიის მოსაგერიებლად ესტონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე ააშენებს დაახლოებით 600 ბეტონის ბუნკერს, ზოგიერთი მათგანი პეიპუსის ტბის მახლობლად განთავსდება, - წერს ესტონური გამოცემა Postimees.

ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 19 იანვარს, რიგაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ლატვია და ლიტვაც შექმნიან მსგავს თავდაცვით ზონას აღმოსავლეთ საზღვარზე, - აღნიშნავს გამოცემა.

"უკრაინის ომმა შეამცირა რუსეთის შეტევითი ძალა, მაგრამ, სხვადასხვა შეფასებით, იგი შესაძლოა აღიდგინოს ორ-სამ წელიწადში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება მეტად გავუძვიროთ ესტონეთზე თავდასხმის ღირებულება რუსეთს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-კანცლერის მრჩეველმა კაიდო ტიიტუსმა.

საზღვარზე ბუნკერები, როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, აუცილებელია იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ესტონეთის ტერიტორია პირველივე მეტრიდან იყოს დაცული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბალტიის თავდაცვის ზონის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობს 2022 წელს მადრიდში ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმებებიდან, რომლის თანახმადაც ალიანსი დაცული უნდა იყოს პირველივე მეტრიდან...

"მობილურობის საწინააღმდეგო თავდაცვითი დანადგარების აშენება არის კარგად გააზრებული პროექტი, რომლის საჭიროება გამომდინარეობს უსაფრთხოების არსებული სიტუაციიდან. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საჭიროა საზღვრების დაცვაც", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

  • BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო დამკვირვებელი პაველ აქსენოვი ნატოს "თავდაცვის ხაზზე" გადასვლის შესახებ:

"მჭიდრო მავთულის" სტრატეგიიდან ეშელონირებულ თავდაცვამდე - ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის კონცეფცია რუსეთის პოტენციური თავდასხმის საფრთხის გათვალისწინებით, სულ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად შეიცვალა.

ნატოს შეზღუდული საგარეო ძალების ამოცანა ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო იმაზე აპელირება, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა თავდასხმა მთელ ბლოკზე - ამას ეძახდნენ "მჭიდრო მავთულის" სტრატეგიას.

გარდა ამისა, კონტინგენტებს მოუწევდათ მტრის შეკავება ძირითადი ძალების მისვლამდე. თუმცა, ამავდროულად, ალიანსში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის შეკავება შესაძლებელი იქნებოდა.

ახლა ნატოს ქვეყნები დარწმუნებულნი არიან თავიანთ ძალასა და შესაძლებლობებში, შეაკავონ რუსული არმია აღმოსავლეთ საზღვრებზე. თავდაცვითი ხაზის აშენება ამის ნიშანია.

მიდგომის ცვლილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა.

ჯერ ერთი, რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება, ამიტომ "მჭიდრო მავთულმა“ შეიძლება არ იმუშაოს. მეორეც, უკრაინის ომმა ასევე აჩვენა, რომ კარგად მომზადებული თავდაცვა შეიძლება იყოს ძალიან ეფექტიანი".

ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გეგმები განიხილეს და დაამტკიცეს ნატოს ბოლო სამიტზე ვილნიუსში. წყარო