ავტორი:

"ერთმა ცნობილმა ექიმმა შეცდომით სიმსივნის დიაგნოზი დამისვა, როცა ბიოფსიამ საპირისპირო აჩვენა, მაშინ შევქმენი ცნობილი ნახატი" - ერთ დროს პოპულარული წამყვანის დღევანდელობა და დაძლეული სირთულეები

"ერთმა ცნობილმა ექიმმა შეცდომით სიმსივნის დიაგნოზი დამისვა, როცა ბიოფსიამ საპირისპირო აჩვენა, მაშინ შევქმენი ცნობილი ნახატი" - ერთ დროს პოპულარული წამყვანის დღევანდელობა და დაძლეული სირთულეები

"დიდი მოწონება დაიმსახურა საშობაო ანგელოზების სერიამ. ვგიჟდები ამ ანგელოზებზე, ისე მომწონს, ყველა მინდა ჩემი იყოს" - ამბობს დალი ფრიდონაშვილი... საზოგადოებას კარგად ახსოვს პოპულარული გადაცემა "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა" და მისი წამყვანი ქალბატონი დალი, რომელმაც მრავალი მიზეზების გამო წლების წინ დიდი აღიარება მოიპოვა...

იგი თავად გვესაუბრება დაუვიწყარ გადაცემაზე, პროფესიაზე, პანდემიის სირთულეებზე, არასწორად დასმულ მძიმე დიაგნოზსა და ხატვით გატაცების შესახებ, მისი ნახატები წარდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა პერსონალური გამოფენაც...

- განათლებით ფსიქოლოგი ბრძანდებით, გვიამბეთ ამ მიმართულებით მოღვაწეობის შესახებ...

- მართლაც, განათლებით ფსიქოლოგი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომი თეატრის, უფრო ზუსტად კი სტანისლავსკისა და ბრეხტის გარდასახვის ფსიქოლოგიაში მქონდა და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების არაერთ ცნობილ მსახიობთან მქონდა ჩატარებული, ფსიქოლოგიას ჩემი ცხოვრება მაინც ვერ დავუკავშირე, რადგან სამსახურის ძებნისა და ბედისწერის წყალობით საქართველოს ტელევიზიაში მოვხვდი, ეს იყო 1987 წელი...

- ძალიან ბევრს ახსოვხართ როგორც ტელეწამყვანი - დიდხანს უძღვებოდით გადაცემას "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა"... ამ პერიოდზე რომ გვიამბოთ...

- ტელევიზიაში მუშაობა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრში დავიწყე, შემდეგ რადიო გადაცემა "პიკის საათში" ვაკეთებდი ინტერვიუებს, ტელევიზიაში ვიყავი საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი, რამდენიმე ტელესპექტაკლისა და გადაცემის ავტორი. 1990 წელს დავიწყე საკუთარ საავტორო გადაცემაზე "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა" მუშაობა, სწორედ ამ გადაცემიდან, მისი პირველივე გამოშვებიდან დაიწყო ჩემი პოპულარობა. როგორც აღნიშნავდნენ ჩემი იმიჯი და გადაცემის წაყვანის მანერა, ასევე გადაცემის შინაარსი, დინამიკურობა და ამოუცნობი სამყაროს მიმართ ადამიანთა ინტერესი გახდა ამ პოპულარობის მიზეზი... ტელევიზიაში მუშაობის პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და საინტერესო პერიოდი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა და ახლებურად წარმართა ყველაფერი ჩემს გარშემო.

"გინდ დაიჯერე, გინდ არა"

- როგორც რეკლამისტი-მარკეტოლოგი ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობდით.. ერთ წელიწადში ძეგვში ისეთი წალკოტი შექმენით, რომელიც უამრავ მნახველს იზიდავდა. აგარაკზე საგამოფენო სივრცის მოწყობასაც გეგმავდით...

- როცა ჩავთვალე, რომ ამოვწურე საკუთარი თავი ტელევიზიაში, სარეკლამო კომპანია დავაარსე, რომელმაც საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევებს. შემდეგ კვლავ შევცვალე ყველაფერი... 2011 წელს ერთ კარგ და საინტერესო კომპანიაში "ბრავო რექორდსში" დავიწყე მუშაობა. იქ მუშაობის დაახლოებით 10 წელი ასევე საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, თემებით რომელზეც ვმუშაობდი და ხალხით, რომელთანაც ვთანამშრომლობდი და რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ.

რაც შეეხება ჩემს აგარაკს ძეგვში, ესეც ერთ-ერთი ღირებული პერიოდი იყო ჩემთვის, მცენარეების სიყვარულში თვითრეალიზაციისა და ბუნებისა და სამყაროს შეცნობის თვალსაზრისით. დიახ მარტომ შევქმენი ის ედემის ბაღი, დიდი შრომა და ჯაფა ჩავდე, თუმცა მყესების პრობლემის გამო ამეკრძალა ნებისმიერი სიმძიმის აწევა და მკვეთრი მოძრაობების გაკეთება და სანამ ჩემი სამოთხის ბაღი მოუვლელობით გაფუჭდებოდა, გადავწყვიტე სხვისთვის მიმეცა მისით ტკბობის საშუალება. ცხადია გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება, ამიტომ ახალ მფლობელებთან ბაღში ჩავდიოდი და ჩემს ყვავილებსა და ხეებს ვეფერებოდი.. იცით, სანამ გავყიდდი მამა გაბრიელს ვთხოვე ჩემს მამულს ისეთი ახალი მეპატრონეები ჰყოლოდა, რომელსაც ჩემსავით ეყვარებოდა მიწა და ბუნება. მადლობა უფალს, ასეც მოხდა!

- ხატვა როდის და როგორ დაიწყეთ...

- ვან გოგს უთქვამს თურმე: "თუ თქვენში გესმით ხმა, რომელიც ამბობს, რომ არ შეგიძლიათ ხატვა, მაშინ აუცილებლად დახატეთ და ეს ხმა გაჩუმდება". სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ხატვის სამყარო ყოველთვის მაინტერესებდა, როცა სხვის ნამუშევრებს ვათვალიერებდი, გული მწყდებოდა რომ არ ვიცოდი ხატვა და ვერ გადმოვცემდი ფუნჯით და ფერებით ჩემს ემოციებს, როცა ვწვებოდი, სანამ ჩამეძინებოდა მირაჟივით მოდიოდა გამოსახულებები, გული მწყდებოდა რომ მათი გადმოცემა ხელშესახებად არ შემეძლო და მხოლოდ ჩემს ცნობიერებაში ცხოვრობდნენ, სულ ამას ვიმეორებდი - "მე რომ ხატვა შემეძლოს ამას ხომ დავხატავდი".

შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი ქალიშვილი წავიდა მილანში დომუს აკადემიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად და დავრჩი სახლში მარტო, ამას დაერთო პანდემიაც და ჩემი ემოციური მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. შიში პანდემიის, უამრავი ადამიანის სიკვდილი, ნერვიულობა შვილზე, რომელიც ამ დროს მილანში მარტო იყო... სწორედ მაშინ ავიღე ფუნჯი ხელში, ნუკის საღებავები გამოვიტანე და იცით 3 თვე ვუყურებდი და ბოდიშს ვუხდიდი, რომ ვერ ვეკარებოდი, რადგან მეშინოდა საკუთარი მარცხის, რომ არაფერი გამომივიდოდა. დიდი წვლილი ჩემს ნუკის ეკუთვნის, რომელმაც ჩემს პირველ "ნაჯღაბნზე" მითხრა, "დედიკო, რა საოცრად გადმოეცი ქარი, რომელიც ხეებს შორის დაქრისო". აი ასე მამხნევებდა ყოველ ჯერზე და მიგზავნიდა ხატვის შესახებ ვიდეოებს.

რაც მეტს ვხატავდი, მით მეტად ვხვდებოდი რა უკიდეგანოა ხატვის სამყარო, ფერით, შუქით, ჩრდილით, პერსპექტივით, მონასმებითა და ერთი პატარა შტრიხითაც კი რამდენი რამის გადმოცემა და გამოხატვა შეიძლება.

- დღეს უამრავი ადამიანია თქვენი შემოქმედებით აღფრთოვანებული, მონაწილეობთ გამოფენებში, გქონდათ პერსონალური გამოფენა, ჯგუფური გამოფენები...

- როგორც გითხარით სულ ვხატავ, დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ. წარმოიდგინეთ ყოველი ნახატი ახალი ამბავია, ახალი პროექტი, ახალი სიცოცხლე თავისი ჩასახვით. ვერც წარმოვიდგენდი ჯერ პერსონალურ გამოფენას, რადგან არ ვთვლიდი იმ მხატვრად თავს, რომელსაც არ შეეშინდება საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა.. თუმცა ამ 2,5 წელში 150 ზე მეტი ნახატი მქონდა შექმნილი... შალვა ძნელაძის მუზეუმის ხელმძღვანელმა თამუნა კაპანაძემ დამარწმუნა, რომ ჩემი ნახატები იმსახურებდა გამოფენას, ამაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობარს კურატორ ნანუკა ზაალიშვილს. გამოფენამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, ბევრი ნახატი გაიყიდა, ხალხმა გამიცნო როგორც მხატვარი.

- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში ხატავთ?

- თავდაპირველად ყვავილებით დავიწყე ,რადგან ბუნება და ყვავილები ძალიან ახლოსაა ჩემს შინაგან ბუნებასთან, შემდეგ პეიზაჟები ვცადე, მას შემდეგ რაც ხატვა დავიწყე, სამყაროს სხვა თვალით ვაკვირდები, თურმე რა ზედაპირულად აღვიქვამთ ყველაფერს ყოველდღიური ცხოვრების სიჩქარეში. რამდენი ფერია, რა მოსდის ფერს და ფორმას სხვადასხვა მანძილზე თუ სხვადასხვა რაკურსით დანახვისას...

- სხვადასხვა ნახატებზე რომ გვიამბოთ, როგორ შეიქმნა რა იყო მუზა, რამ მოგცათ ხასიათი...

- მაგალითად ერთი დიდი ტილო, რომელსაც "განახლებული სიცოცხლე“ დავარქვი საინტერესოდ შეიქმნა: მყესებზე მკურნალობისა და ოპერაციის გამო ძლიერი წამლების მიღება დამჭირდა, რამაც კუჭი დამიზიანა, ერთ ვითომ ცნობილ და "პროფესიონალ" ექიმთან მკურნალობა რომ დავიწყე, მაშინ დავიწყე ამ ნახატზეც მუშაობა, მაგრამ რადგან მისმა არასწორმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მან თავის გასამართლებლად სიმსივნის დიაგნოზი არასწორად დამისვა და 2 კვირიანი ჯოჯოხეთი გამომატარა.

"ახალი სიცოცხლე"

ცხადია ამ პერიოდში ხატვა არ შემეძლო, სანამ ბიოფსიამ საწინააღმდეგო არ დაამტკიცა და მეც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, სწორედ განახლებული სიცოცხლის მთელი ემოცია ამ ნახატში ჩავდე, სხვათა შორის სწორედ ამ ნახატზე ააგო ერთმა კომპანიამ თავისი ტელევიზორების რეკლამა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები..

- ყველა გეგმა ხატვას და ჩემს შვილს და ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობას უკავშირდება.ყველა ის დღე და წუთი მენანება,როცა არ ვხატავდი,თურმე ეს იყო ჩემი მოწოდება და საკუთარი თავის რეალიზაციის საუკეთესო გზა,მაგრამ „სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს“. მადლობა უფალს რომ ეს სიხარული აღმომაჩენინა და ხატვა მაინც შემაძლებინა!!ასევე მადლობა თქვენ, რომ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდით