ავტორი:

"პრიგოჟინის ცხედარი არავის უნახავს" - უკრაინის მთავარი მზვერავის სკანდალური ინტერვიუ: რას ამბობს ბუდანოვი პუტინის "კლონებსა" და ომზე?

"პრიგოჟინის ცხედარი არავის უნახავს" - უკრაინის მთავარი მზვერავის სკანდალური ინტერვიუ: რას ამბობს ბუდანოვი პუტინის "კლონებსა" და ომზე?

ბრიტანული გაზეთის - "ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 21 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით - "კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი, რომელსაც "სიბნელე მოსწონს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ქრისტოფერ მილერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ კირილო ბუდანოვის კაბინეტში დღის სინათლე ვერ აღწევს. კედლები გამაგრებულია, ფანჯრები კი სილით სავსე ტომრებითაა ამოვსებული და შტორები აქვთ ჩამოფარებული. კაბინეტის კარს ხატი ამშვენებს. როცა 38 წლის კირილო ბუდანოვი "ფაინენშელ ტაიმსისათვის“ ინტერვიუს მოსაცემად მოვიდა, მან თანაშემწეს უთხრა, რომ ოთახში ძლიერი ელექტროსინათლეც გამოერთო: "მე სიბნელე მომწონს“, - ამიხსნა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შეფი კირილო ბუდანოვი რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საიდუმლო, ფარულ ომს ხელმძღვანელობს, იგი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურას წარმოადგენს. მასზე თავდასხმის ათამდე მცდელობა განხორციელდა, მაგრამ დღესაც ცოცხალია. კირილო ბუდანოვის თანამშრომლები მტრის ზურგში - როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე - უშუალოდ რუსეთის ღრმა ზურგში, ოპერაციებს ახორციელებენ, თუმცა საკუთარი თავის გამოჩენა და დამსახურების აღიარება არ უყვართ. ისინი დავალებას ასრულებენ და შემდეგ აკვირდებიან, თუ რა მითქმა-მოთქმა და ხმები ვრცელდება მათ მიერ მომზადებული ოპერაციების მასშტაბებზე.

უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი ოპერაციებია სანკტ-პეტერბურგის ახლოს, ნავთობისა და გაზის ტერმინალების დაბომბვა, დრონების მეშვეობით, აგრეთვე, დენთის ქარხნის აფეთქება ბრიანსკის ოლქში.

უკრაინის "გრუსს“ ასეთი "გამომწვევი და უკონტროლო ტაქტიკა“ დროდადრო დასავლეთის წარმომადგენლებს აღიზიანებდა - ისინი შიშობდნენ, რომ რუსეთის პროვოცირება მოხდებოდა და შეიძლებოდა, კრემლს მცირე ბირთვული მუხტიც კი გამოეყენებინა. თავის მხრივ, კირილო ბუდანოვი მათ შეშფოთებას არ იზიარებდა და აცხადებდა, რომ გააგრძელებდა დივერსიულ ოპერაციებს რუსეთის ზურგში.

გენერალ-ლეიტენანტმა კირილო ბუდანოვმა კარგად იცის, რომ 2024 წელი უკრაინის არმიისათვის ძალიან მძიმე იქნება: "იმის თქმა, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია, ტყუილი იქნება“, - პასუხობს იგი კითხვას, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას უკრაინის არმიის ნაქებმა კონტრშეტევამ შარშან ზაფხულს, - "მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ კატასტროფა მოხდა“. გააგრძელეთ კითხვა