ავტორი:

სატელიტური ფოტოები, რაც, სავარაუდოდ, ჩრდ. კორეიდან რუსეთში საიდუმლო, სამხედრო ტვირთის გადაზიდვას ასახავს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში

სატელიტური ფოტოები, რაც, სავარაუდოდ, ჩრდ. კორეიდან რუსეთში საიდუმლო, სამხედრო ტვირთის გადაზიდვას ასახავს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ექსპერტთა პანელს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ტვირთის გადაზიდვას ასახავს. ბრიტანეთის თქმით, ეს ორ ქვეყანას შორის შეიარაღების გარიგებისთვის საერთაშორისო სანქციების დარღვევის გამოძიების ნაწილია. სატელიტური ფოტოების საფუძველზე, ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდებაში ადანაშაულებენ, რაც, სავარაუდოდ, სექტემბერში ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

პუტინი ახლახან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს ჩოი სონ-ჰუისაც შეხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა. კრემლის სპიკერის თქმით, მათი ბოლო შეხვედრა "ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის" მზადების ნაწილი იყო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, სამი რუსული გემისთვის Maia-ს, Angara-სა და Maria-ს სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გადაღებული სურათებია. ფოტოებში ჩანს, როგორ იტვირთება დასახელებული გემები ჩრდილოეთ კორეის ნაჯინის პორტში, შემდეგ კი რუსეთის პორტში გადადის. ფოტოები Guardian-ის გამოცემამ გადაამოწმა და განაცხადა, რომ ტვირთის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა ანგარიშში მოხსენიებული გემები აშშ-ს მთავრობის მიერ 2022 წელს სანქციების ქვეშ იყო მოქცეული.

გამოცემის ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეაში ტვირთის გაგზავნა აშშ-ს განცხადებას უნდა უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა გასულ კვირას უკრაინაში ფხენიანის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

"რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის იარაღის უკრაინაში გამოყენება არის გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ეს ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთად მიმართულ საერთაშორისო მცდელობებს ძირს უთხრის და ცხადყოფს, თუ რამდენად სასოწარკვეთილია რუსეთი თავისი წარუმატებელი თავდასხმის გამო. ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მიერ საერთაშორისო სანქციების უხეშად დარღვევასთან დაკავშირებით სრული გამოძიება უნდა დაიწყოს", - განაცხადა გაეროს დიპლომატმა.