ავტორი:

"ჩვენი სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს" - თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს: რით გაანაწყენა კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახები?

"ჩვენი სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს" - თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს: რით გაანაწყენა კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახები?

ქართული წარმოშობის რუსეთში მომუშავე ტელეწამყვანსა და კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • ჟურნალისტების კითხვას, მიეცემა თუ არა ქვეყანაში შესვლის უფლება თინა კანდელაკს, მან თქვა:

"საჭიროების შემთხვევაში, ზომები მიიღება. დღეს ან ხვალ ნუ მოითხოვთ ამას (გულისხმობს იმ ადამიანების სიას, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს - რედ.) ჩვენგან, მაგრამ სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს. შესაძლოა, ის (კანდელაკი) არ მოდის ყაზახეთში, მაგრამ თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, არ შემოუშვებენ“, - აცხადებს სმადიაროვი.

  • ცნობისთვის, ყაზახების განაწყენება გამოიწვია თინა კანდელაკის მიერ Telegram-ში გამოქვეყნებულმა პოსტმა, სადაც კრემლის პროპაგანდისტმა ყაზახებს "მანქურთები" უწოდა.

თავის მხრივ, თინა კანდელაკი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ 2024 წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა - დაურალსკისა და უზენის ნაცვლად, სადგურებს ორალი და ჟანაეზენი დაარქვეს.

"როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დახურეს სკოლები, აიღეს საბჭოთა ძეგლები, აკრძალეს რუსული ენა, შემდეგ კი პენსიონერები სიცივეში გამოყარეს ქუჩაში...“, - წერდა კანდელაკი.

კანდელაკის პოსტს ყაზახი დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მაკსატ ტოლიკბაიმ მას შეახსენა, რომ ახლა ყაზახეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ეთნიკური ყაზახები არიან და ყაზახური ენა აერთიანებს ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის დიდ ნაწილს.

დეპუტატების განცხადებების შემდეგ, კანდელაკმა "ტელეგრამზე" კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"ინტერესით და სევდით ვუყურებ ყაზახეთის წარმომადგენლების რეაქციას ჩემს გუშინდელ პოსტზე რუსული ენის აკრძალვის შესახებ. ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу, ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, პიროვნული იდენტობა და გონებაც. არ გახსოვდეს საკუთარი თავი, მოვლენები, ისტორია და ისტორიული სახელები დაივიწყო, არამარტო წერა-კითხვის უცოდინარობა, არამედ საშიში წამოწყებაა. ეს მათთვის, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს და კოსმოსში არ მიფრინავს", - წერდა კანდელაკი.

2022 წლის ივნისში ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა "ყაზახეთში შესასვლელად არასასურველი პირების სია“. ამ სიაში მოხვდა რუსი პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი, მედია მენეჯერისა და პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის ქმარი.